Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის ხეობაში ძლიერი ქარის გამო კვლავ გააქტიურდა ხანძრის რამდენიმე კერა


ხანძარი ბორჯომის ხეობაში
ხანძარი ბორჯომის ხეობაში

გრძელდება ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა. სამინისტრო აცხადებს, რომ დაბნელებამდე იმუშავებს საჰაერო ტექნიკა და მაქსიმალური ინტენსივობით მოხდება დაფიქსირებულ კერებზე წყლის დაფრქვევა. ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერები არ გაჩენილა, ერთი გამონაკლისის გარდა და იქაც გაჭრილია გზა, მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზაცია. მღებრიშვილის თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის გამოძიების პროცესში მუშაობა მიმდინარეობს ყველა ვერსიაზე. 23 აგვისტოს სოციალური ქსელით გავრცელდა ფოტო და ინფორმაცია, რომ ბორჯომის ტყეში აღმოაჩინეს ბენზინის 20-ლიტრიანი ბიდონი. ამავე ცნობით, ტყეში სხვა ადგილასაც ნაპოვნია ორი ბიდონი. შსს-ს ინფორმაციით, იმ ადგილებში, სადაც საწვავის ბიდონები აღმოაჩინეს, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები და გამომძიებლები მუშაობენ. ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციაში საქართველოს კვლავ ეხმარება რამდენიმე მეზობელი ქვეყანა. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მათ დღეს მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობიდან: "ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს: (...) სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები, ბელორუსები! პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისაგან. ეს, რა თქმა უნდა, ამ რთულ მომენტში, როდესაც იბრძვი იმისათვის, რომ არ იყოს ადამიანური და მატერიალური ზარალი - ამ მომენტში, რასაკვირველია, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ჩვენს ყველა მეგობარს!"- განაცხადა პრეზიდენტმა. დღესვე საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება, ხანძრებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ.

XS
SM
MD
LG