Accessibility links

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ემზადება

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსრიგგარეშე სხდომის ჩატარება 26 სექტემბრისთვის სურს. პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილია მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბოს ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც არსებული ინფორმაციით, რიგგარეშე პლენარული სხდომის მოწვევის გადაწყვეტილებას მიიღებენ. 25 სექტემბერს კონსტიტუციის პროექტში მხოლოდ სარედაქციო ტიპის ცვლილებები შევა. მასში შინაარსობრივი ხასიათის ცვლილების ასახვა მოსალოდნელი არ არის. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სრულიად ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ინიცირება გამოაცხადა, რომლითაც ე.წ. ბონუსის სისტემა გაუქმდება და ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 3%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, ბლოკების შექმნის შესაძლებლობა შენარჩუნდება. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებს, საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის აპარატი ავრცელებს.

ყველა ახალი ამბავი

ოპოზიცია ია კერზაიას საქმეზე მოკვლევის ჯგუფის შექმნას მოითხოვს

თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის იდეა პარტია „ევროპულ საქართველო“ ეკუთვნის. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე დეპუტატებმა განათლების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ თემატური მოკვლევის ჯგუფის საკითხს მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას, დახურულ ფორმატში შეხვდებიან.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაში გამოძიების პროცესში პროკურატურის წარმომადგენლის პარლამენტში მისვლას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„მოვითხოვეთ, რომ ამ სხდომაზე მოსულიყო პროკურატურის წარმომადგენელი და ჩვენთვის ჩაებარებინა ანგარიში, როგორ მიდის გამოძიება ია კერზაიას საქმეზე, თუმცა მივიღეთ წერილი მარიამ ჯაშისგან, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად პროკურორის მოსვლა, რადგან გამოძიება გრძელდება... ბაჩანა შენგელიას კიდევ ერთხელ მოვსმენთ, უკვე შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას პარლამენტმა შექმნას მოკვლევის კომიტეტი და თვითონ შეისწავლოს კომიტეტმა ია კერზაიას საქმე. ხოლო თუ უმრავლესობის წევრები გადაწყვეტენ, რომ არ ღირს ამ საქმის შესწავლა, ეს მათ სინდისზე იქნება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ოპოზიციის პასუხად უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ია კერზაიას საქმის გამოძიება მიმდინარეობს: „მოწმეთა გარკვეული ნაწილი დაკითხულია, ნაწილი არ არის დაკითხული, დრო გადის და წინააღმდეგობაც ამაშია. ვფიქრობთ, პროკურატურამ მაქსიმალურად აქტიურად გამოიჩინოს მარიფათი“, - ამ განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა. მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, განათლების სამინისტროს მხრიდან ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.

საქართველოს პროკურატურა 2019 წლის თებერვლიდან იძიებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო, კანონდარღვევის ფაქტებს.

როს უილსონი: „უზენაეს სასამართლოში უნდა იყვნენ მაღალი ნდობის მქონე  მოსამართლეები“

როს უილსონი

ბათუმში მყოფმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო რეფორმაზე, თქვა, რომ აუცილებელია პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში იყვნენ მაღალი ნდობის მქონე მოსამართლეები:

„ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტს ვანიჭებთ საქართველოში, რადგან ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მოგეხსენებათ, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ ბოლოს მიღებული კანონმდებლობით, იმიტომ რომ არ იქნა ადეკვატურად და სრულად გათვალისწინებული ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიისა და ეუთოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიაქცევენ ყურადღებას. აუცილებელია თავად პროცესი წარიმართოს გამჭირვალედ. შესაბამისად, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში იყვნენ ის მოსამართლეები, რომლებსაც ექნებათ საზოგადოების მაღალი ნდობა“.

უილსონი: მნიშვნელოვანია პანკისში პრობლემა გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე

როს უილსონი

ბათუმში მყოფმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ფიქრობს პანკისის ხეობაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია პრობლემა გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე:

„ჩვენ ვაკვირდებოდით პანკისში განვითარებულ მოვლენებს და უნდა აღინიშნოს, რომ რთული იყო და ასევე იყო გარკვეული პრობლემები. რა თქმა უნდა, ამ რეგიონს განვითარება ესაჭიროება და ამისათვის მნიშვნელოვანია ენერგორესურსების განვითარება. შესაბამისად, როგორც კერძო სექტორს, ასევე მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს სიტუაცია მოაგვაროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემები გადაიჭრას დიალოგისა და თანხმობის საფუძველზე. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს მაღალი ხარისხის სანდოობა, იმისთვის რომ უზრუნველყოს უსაფრთხოება ამ რეგიონში“.

ბულგარეთში 30 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კაცს ჟურნალისტის მკვლელობისათვის

ბულგარეთში სასამართლომ 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა ახალგაზრდა კაცს, რომელიც დამნაშავედ ცნო ტელეჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას გაუპატიურებასა და მკვლელობაში.

30 წლის ჟურნალისტის გვამი შარშან ოქტომბერში იპოვეს მდინარე დუნაის ნაპირზე ქალაქ რუსეში. ის გარეთ, სავარაუდოდ, ვარჯიშობდა, როცა თავს დაესხნენ. პროკურორების თანახმად, დანაშაულს არ ჰქონდა კავშირი მსხვერპლის პროფესიასთან.

21 წლის სევერინ კრასიმიროვმა თავი დამნაშავედ ცნო გაუპატიურებასა და მკვლელობაში. ის დააკავეს გერმანიაში და ბულგარეთს გადასცეს მკვლელობიდან ერთ კვირაში. გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კრასიმიროვი მარტო მოქმედებდა.

ირაკლი კობახიძე პანკისზე: პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც კანონი დაარღვია

პანკისში, 21 აპრილს განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა, ვინც დაარღვია კანონი, ვინც პოლიციას თავს დაესხა და წინააღმდეგობა გაუწია, უნდა დაისაჯოს.

ჰესის მშენებლობაზე კი კობახიძე აცხადებს, რომ მოსახლეობას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს წინასწარ,ვიდრე რაიმე პროექტის განხორციელება დაიწყება.

„მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა, რომ მომავალში აღარ მოხდეს ის, რაც ჩვენ ვნახეთ პანკისში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხალხს ვესაუბროთ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, ვიდრე საქმე მივა ასეთი ტიპის გართულებამდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები მცირე ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის შეჩერებას ცდილობდნენ, როდესაც ხეობაში საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მოჰყვა.

ტრამპი დედოფლის მიწვევით, სახელმწიფო ვიზიტით ჩავა დიდ ბრიტანეთში

ლონდონი, 2018 წლის 13 ივლისი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო დედოფალ ელისაბედ მეორის მიწვევა დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასასვლელად.

ლონდონმა და ვაშინგტონმა 23 აპრილს გამოაცხადეს, რომ ტრამპი მეუღლესთან ერთად 3-5 ივნისს ესტუმრება დიდ ბრიტანეთს.

ის შეერთებული შტატების სულ მესამე ლიდერია, რომელიც ლონდონში სახელმწიფო ვიზიტით ჩადის. ბრიტანეთის მონარქის სტუმრებს შორის ბევრი სხვა ამერიკელი პრეზიდენტიც ყოფილა, მაგრამ ტრამპამდე მხოლოდ ჯორჯ ბუშსა და ბარაკ ობამას ხვდა წილად სახელმწიფო ვიზიტით მიწვევა.

ბრიტანეთში ფართოდ არის გავრცელებული კრიტიკული დამოკიდებულება ტრამპის მიმართ. 2018 წელს ლონდონის ქუჩებში ათიათასობით ადამიანმა გააპროტესტა მისი ვიზიტი.

მაშინდელი აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კვლავ „უზარმაზარ დემონსტრაციებს“ მოაწყობენ ტრამპის წინააღმდეგ.

მისი ვიზიტი დაემთხვევა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ოპერაცია „ნეპტუნის“ (ნორმანდიის სანაპიროზე დასავლელი მოკავშირეების გადასხმის) 75-ე წლისთავის აღნიშვნას.

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი და პირველი ლედი 6 ივნისს ჩავლენ საფრანგეთში, რათა მონაწილეობა მიიღონ საიუბილეო ღონისძიებებში და შეხვდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.

მოსკოვი და ფხენიანი ადასტურებენ, რომ 25 აპრილს გაიმართება პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა

რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ადასტურებენ, რომ 25 აპრილს გაიმართება ორი ქვეყნის ლიდერების, ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ 23 აპრილის ცნობით, შეხვედრისათვის შეირჩა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქი ვლადივოსტოკი. ამავე წყაროს თანახმად, არ იგეგმება რაიმე სახის შეთანხმების გაფორმება, ან ერთობლივი განცხადებით გამოსვლა.

ასევე 23 აპრილს ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ პუტინმა კიმი რუსეთში მიიწვია. ცნობაში ნათქვამი არ არის, სად გაიმართება შეხვედრა.

მზადების ფონია შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის გარშემო დაძაბულობისათვის ბოლოს მოსაღებად. 2018 წლის ივნისსა და 2019 წლის თებერვალში გაიმართა ამიტები, რომლებზეც ტრამპი და კიმ ჩენ ინი ვერ შეთანხმდნენ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციაზე.

ვანშიგნტონი გამოდის მესამე სამიტის გამართვის წინადადებით, მაგრამ ჩრდილოეთმა კორეამ 18 აპრილს მოითხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ჩამოშორება მომავალი მოლაპარაკებებიდან.

მარტში აშშ-მა სანქციების ახალი წყება დაუწესა ჩრდილოეთ კორეას ბირთვული პროგრამის გამო.

შსს თბილისი პრაიდის მონაწილეებს უსაფრთხო "ღირსების მარშს" ჰპირდება

თბილისი პრაიდის გუნდის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დაპირდა, რომ თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარში“ მშვიდობიანად ჩატარდება და ამისთვის პოლიცია ყველაფერს გააკეთებს.

შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს გააცნო მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად სავარაუდოდ მაისში გასაჯაროვდება.

„პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ „ღირსების მარშის“ ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს“, - აცხადებს თბილისი პრაიდის გუნდი.

მათივე განცხადებით, თბილისი პრაიდის მიზანია საქართველოში გაიზარდოს მიმღებლობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგას უფლებრივი თანასწორობისკენ.

„ამის მისაღწევად კი გვერდში დგომა და ერთიანობა გვჭირდება. საზოგადოებაში არსებული სიძულვილი და აგრესია არ არის მხოლოდ ლგბტქი ადამიანების პრობლემა. ჩვენ გვჯერა რომ თანასწორუფლებიანობა დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარია და ამ რთული გზის გავლა მხოლოდ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი“, - ვკითხულობთ თბილისი პრაიდის ფეისბუკგვერდზე.

თბილისი პრაიდის კვირეული ივნისშია დაგეგილი.

ნადია სავჩენკო პარლამენტში დაბრუნდა ციხიდან გამოსვლიდან ერთი კვირის შემდეგ

კიევი, 2019 წლის 23 აპრილი: ნადია სავჩენკო უკრაინის პარლამენტში დაბრუნებისას

უკრაინელი პარლამენტარი ნადია სავჩენკო ვერხოვნა რადაში დაბრუნდა სულ ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც მოულოდნელად გაათავისუფლეს ციხიდან. მან წელიწადზე მეტი დაჰყო წინასწარ პატიმრობაში უკრაინის პარლამენტზე ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრალდებით.

23 აპრილს სავჩენკომ განაცხადა, რომ რჩება პოლიტიკაში და არ არის ოპოზიციაში ვლადიმირ ზელენსკისთან, რომელმაც 21 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, დიდი უპირატესობით აჯობა მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს.

„ჩემთვის საკმარისი იყო (მისი) პროგრამის წაკითხვა. ბევრი ისეთი პუნქტია, რომელზეც მე სამი წლის წინ ვლაპარაკობდი“, განაცხადა სავჩენკომ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

სავჩენკო 16 აპრილს გაათავისუფლეს, რადგან წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა და ის აღარ გაუგრძელებიათ.

ნადია სავჩენკომ სახელი გაითქვა, როცა აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობაში სეპარატისტებმა დააკავეს და გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც 2 წელი დაჰყო ციხეში. მან რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა უკანონო პატიმრობის გასაპროტესტებლად. 2016 წლის მაისში, როცა რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის შედეგად სავჩენკო შინ დაბრუნდა, მას ეროვნულ გმირად აღიარებდნენ. მაგრამ 2018 წლის 22 მარტს მას პარლამენტარის იმუნიტეტი მოუხსნეს ტერორისტული თავდასხმის მზადებაში ბრალდებით.

სავჩენკო თავს უდანაშაულოდ ცნობს. პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შემდეგ გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ გამოაცხადა, რომ ბრალდებები ძალაში რჩება. უკრაინის მედიის ცნობით, მის საქმეზე სასამართლოს მომდევნო სხდომა 7 მაისს გაიმართება.

"ომეგას" დირექტორი: კომპანიას ძირს უთხრიან ივანიშვილის მითითებით

„გაქვთ მითითება ძირგამომთხრელი პოლიტიკა აწარმოოთ კომპანია „ომეგას“ წინააღმდეგ და ამ მითითებას იღებთ ბიძინა ივანიშვილისგან“, - განცხადა „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, სადაც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მისული იყო ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი.

ლევან აღდგომელაშვილის თქმით, 5 მარტს „ომეგას“ წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს შესთავეზეს, რომ კომპანია გრაფიკით სრულად გადაიხდიდა როგორც ძირითად გადასახადს, ასევე საურავს, თუმცა, აღდგომელაშვილის თქმითვე, „ომეგამ“ შეთავაზებაზე უარი მიიღო.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორის ამ განცხადების პასუხად, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანია ითხოვდა დავალიანების გაყინვას 3 წლის განმავლობაში ისე, რომ „კაპიკს“ არ გადაიხდიდა, ხოლო შემდგომი 7 წლის განმავლობაში ყოველკვარტალურად ბიუჯეტში შეიტანდა 2-2 მილიონ ლარს.

„ასეთი საგადასახადო შეთანხმება სადმე გინახავთ? მთელი წელი ვიხვეწებოდი, მოიტანეთ ნორმალური შეთანხმება! მიუხედავად იმისა, რომ ამდენ პოლიტიკურ პერიპეტიას ჰქონდა ადგილი, დღესაც ვამბობ, მოიტანეთ ოდნავ მაინც ჭკუასთან ახლოს მდგომი წინადადება, რომ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა შევძლოთ. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს საგადასახადო ორგანოები, არავისთან ისე მართალი არ არის , როგორც „ომეგასთან“, - განაცხადა ივანე მაჭავრიანმა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს „ოჯთ-ის“ საგადასახადო დავალიანების სახით ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. აღნიშნული დავალიანება გადამხდელის მიერ 2015-2018 წლებშია დეკლარირებული.

„ომეგა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

პუტინი 25 აპრილს ვლადივოსტოკში შეხვდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერს

კრემლის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 25 აპრილს ქალაქ ვლადივოსტოკში შეხვდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს.

თეა გოდოლაძე: ყველა ჰესის პროექტი გადასახედია

„ჰესებთან დაკავშირებით, ყველა პროექტი გადასახედია. უნდა მოვიწვიოთ საერთაშორისო ექსპერტები, თორემ ეს პროექტები ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, ცუდ შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ 23 აპრილს, მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ჰესების მშენებლობის თვალსაზრისით მთავარი პრობლემა არის ის, რომ სამშენებლო სამუშაოებს არაკომპეტენტური ადამიანები გეგმავენ და ასრულებენ. მისი თქმით, ისინი ვერ საზღვრავენ იმ რისკებს და საზიანო შედეგებს, რომელიც შეიძლება, ამ მშენებლობებს მოჰყვეს.

„ტექნიკურ სფეროებში ამ ქვეყანას საკადრო დეფიციტი აქვს, ამის გამოა, რომ ავანსცენაზე გამოდიან ადამიანები, ვისაც ამ კუთხით განათლება საერთოდ არა აქვთ და გვევლინებიან გადაწყვეტილებების მიმღებებად: ბიზნესმენები, იურისტები, ფინანსისტები. მათ არც უნდათ გაიგონ, რა პრობლემასთან აქვთ საქმე და შდეგად კი გვაქვს უაზრო მშენებლობები, რომელიც კარგს ამ ქვეყანას არაფერს არ მოუტანს,“ - განაცხადა გოდოლაძემ.

სეისმოლოგის შეფასებით, უდიდესი პრობლემაა ისიც, რომ ჰესებს სეისმურად სახიფათო ზონებში აშენებენ. ამას გარდა, მისი ინფორმაციით, არ არსებობს მონაცემთა ბაზა საქართველოში არსებულ მდინარეებთან დაკავშირებით.

ირლანდიელი მეამბოხეები ბოდიშს იხდიან ჟურნალისტის „შემთხვევით“ მოკვლისათვის

ჟურნალისტი ლაირა მაკკი

„ირლანდიის ახალი რესპუბლიკური არმიის“ წევრებმა აღიარეს მონაწილეობა 29 წლის ჟურნალისტი ქალის, ლაირა მაკკის მკვლელობაში, რომელსაც „შემთხვევითი“ უწოდეს. ამის შესახებ წერს გაზეთი „აირიშ ნიუსი“ ორგანიზაციისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით.

ლაირა მაკკი მოკლეს 18 აპრილის საღამოს, ჩრდილოეთ ირლანდიის ქალქ ლონდონდერში არეულობის დროს. მას თავში ესროლეს.“ირლანდიის ახალი რესპუბლიკური არმია“ მკვლელობას „ტრაგიკულს“ უწოდებს და განმარტავს, რომ ჟურნალისტი ახლოს იდგა პოლიციელებთან, როცა ურთიერთსროლა მიმდინარეობდა. „აირიშ ნიუსს“ მოჰყავს ციტატა მეამბოხეების განცხადებიდან, რომლითაც ისინი ბოდიშს იხდიან მკვლელობისათვის.

ირლანდიის რესპუბლიკური არმია XX საუკუნის 20-ანი წლებიდან არსებობს და მიზნად ისახავს ირლანდიის რესპუბლიკისა და დიდ ბრიტანეთში შემავალი ჩრდილოეთ ირლანიის გაერთიანებას.

1968-97 წლებში ორგანიზაციისა და მისი მომხრეების ანგარიშზე მოდიოდა ათასობით ტერაქტი და ტერაქტის მცდელობა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

1997 წელს ორგანიზაციამ უარი თქვა შეიარაღებულ წინააღმდეგობაზე, მაგრამ მისი ყველა წევრი არ დაეთანხმა გადაწყვეტილებას და ჩამოაყალიბა ახალი ჯგუფი, რომელიც დღემდე მოქმედებს.

ბელარუსმა შეაჩერა რუსეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტი

ბელარუსმა რუსეთის ნავთობის უხარისხობის გამო შეაჩერა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი პოლონეთში, უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამის შესახებ ბელარუსის ნავთობკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სერგეი გრიბმა უთხრა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“.

ბულარუსის კომპანია „ბელნეფტეხიმ“-მა 19 აპრილს გამოაცხადა რუსეთიდან მიღებული ნავთობის ხარისხის მკვეთრად გაუარესების შესახებ.

ხოლო 22 აპრილს მოზირის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ გაავრცელა ცნობა, რომ უხარისხო ნედლეულმა მწყობრიდან გამოიყვანა ძვირადღირებული აპარატურა.

ნავთობის ხარისხის გაუარესების მიზეზი აღმოაჩინეს სამარის ოლქში, რომელიც ბელარუსის საზღვრიდან 1500-მდე კილომეტრით არის დაშორებული. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ხარვეზი მალე გამოსწორდება.

გორშეღმის ხეობის ბოლო მკვიდრი - მიხა არაბული დუშეთის საავადმყოში გადაიყვანეს

გორშეღმის ხეობის ბოლო მცხოვრები - 76 წლის მიხა არაბული, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა სამაშველო ვერტმფრენით ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ის ცნობით, მიხა არაბულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გადაუდებელი ოპერაციების მართვის ცენტრ - „112“-ს აცნობეს. დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მას ვერავინ ეხმარებოდა.

სამაშელო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველთა 2 ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი და ახლა მიხა არაბულს დუშეთის საავადმყოფოში მკურნალობენ.

ინფორმაცია „მარტოკაცი“ მიხა პაპას შესახებ პირველად „მთის ამბებმა“ გაავრცელა და დახმარება ითხოვა.

„მიხა პაპა მძიმედ ავადაა. ორი კვირაა საწოლს ყოფილა მიჯაჭვული. მხოლოდ ახლახან გავიგეთ. ტელეფონი გამორთული აქვს. სამწუხაროდ, გასული წლის ნოემბერში, გორშეღმის ხეობაში ჩაკეტილი სამანქანო გზა, დუშეთის მერიას არცერთხელ არ გაუწმენდავს. გუშინ, მიხას მეზობლად, სოფელ წინხადუში ასულა გენადი არაბული. ღამით უვლიათ, როცა თოვლი გაყინული იყო. მიხას შეხმიანებიან, მაგრამ პასუხი არავინ გასცათ. ზეისტეჩოში გადასულან. დასუსტებულა, საუბარიც უჭირსო“, - წერდა „მთის ამბები“.

ლევან სურგულაძე: საპენსიო დანაზოგებს სარგებელი ბანკებში ერიცხება

საპენსიო შენატანებს, კერძო სექტორის შემთხვევაში, სარგებელი კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშზე ერიცხება, ხოლო სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა მიერ შეტანილი თანხისთვის სარგებლის დარიცხვა ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშზე ხდება. სარგებლის დარიცხვის მექანიზმთან დაკავშირებული ინფორმაცია დეპუტატებს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ მიაწოდა.

სააგენტოს ხელმძღვანელის ანგარიში დეპუტატებმა 23 აპრილს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს.

„ჩვენ ანგარიში გახსნილი გვაქვს 10 კომერციულ ბანკში. მათთან ელექტრონული სისტემით ვართ დაკავშირებული და თუკი კომპანიას იმავე ბანკში აქვს სახელფასო ანგარიშები, იქიდან პირდაპირ გადასვამს და ხარჯი არა აქვს. შესაბამისად, ის თანხა, რომელიც ხდება ფონდის ნაწილი, ჯდება სარგებლიან ანგარიშზე.

ხაზინაში გროვდება სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს კონტრიბუციები. ვკითხეთ ეროვნულ ბანკს, თუ შეიძლებოდა ამ თანხების კომერციულ ბანკებში წამოღება.

მან თქვა, რომ ეს იქნება ინვესტიცია და არ შეიძლებაო. შესაბამისად, მე გაგიხსნი ანგარიშსო, ჩემთან გადმოიტანე და დაგარიცხავ სარგებელსო. გავხსენით ანგარიში, გადავიტანეთ ფონდის შესაბამისი ნაწილი და გვერიცხება სარგებელი“, - განაცხადა სურგულაძემ.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ევროვნულ ბანკში გახსნილი ანგარიშის შემთხვევაში წლიური სარგებელი 6,5%-ს შეადგენს, ხოლო კომერციულ ბანკებში დანაზოგებზე დარიცხული წლიური სარგებლის მოცულობა 5%-დან 8,5%-მდეა.

სარგებლიანი ანგარიშების სისტემა ამოქმედდა იმის გამო, რომ საინვესტიციო საბჭო ჯერჯერობით არ არის შექმნილი და კანონის თანახმად, საპენსიო სააგენტოს არა აქვს ინვესტიციების განხორციელების უფლება.

ივანე მაჭავარიანი: „შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი იყო შავ სიაში.“

„საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია, ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამოსვლისას.

ფინანსთა მინისტრმა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დოლარიზაციის მაღალი დონე და სესხების გაცემის უპასუხისმგებლო პოლიტიკა დაასახელა.

„შრომისუნარიანი მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი იყო შავ სიაში. სამომხმარებლო დანიშნულებით გაცემული ონლაინ სესხებისსაპროცენტო განაკვეთები ხშირად ათას პროცენტს აღწევდა, რაც არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, რომლის თქმითაც, საბანკო სექტორის დაკრედიტება, ძირითადად, მოდიოდა სამომხმარებლო სესხებზე და გვერდს უვლიდა მწარმოებლურ სექტორებს.

„დარწმუნებული ვარ, შემოღებული რეგულაციები, ამ მიმართულებით სურათს შეცვლის. არსებული რეგულაციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისთვის და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

გიგა ბოკერია: „ფინანსთა მინისტრს ბავშვებად მიაჩნია საქართველოს მოქალაქეები“

„საბანკო რეგულაციების საკითხში ფინანსთა მინისტრსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანხმობა აქვთ მთავარ პრინციპებსა და ხედვებზე. განსხვავებული აზრი გვაქვს უმნივშენლო განაკვეთებზე“, - ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გამოსვლისას.

„პოპულალური ენით რომ ვთქვა, ეს იგივეა, რაც თინეიჯერი შვილი რომ გყავდეს და ნერვიულობდე, გვიან არ მოვიდეს და რამე არ დაუშავდესო. სხვაობა ჩემსა და ბატონ კობას მიდგომებს შორის დაახლოებით ასეთია: ის ამბობს, რომ ბავშვი 10 საათზე უნდა მოვიდეს, მე ვამბობ, რომ 12-მდე შეიძლება დავტოვოთ“.

ფინანსთა მინისტრის ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რეპლიკით უპასუხა:

„ასეც ვიცოდი, რომ ბავშვებად მიგაჩნიათ საქართველოს მოქალქეები. ძალიან ცუდი ანალოგია გამოიგივიდათ“.

ბოკერიას მაჭავარიანმა ურჩია, რომ „ლეობორისტულ პარტიაში“ გადავიდეს.

„თუ ვინმეს ბავშვად მიაჩნია ვინმე, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტს ზრუნავს, თუ მაინცდამაინც ეს გინდათ, თუ არადა „ლეიბორისტულ პარტიაში“ გადადით, ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, ეგ თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, საგადასახადო წნეხის ზრდის, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული პირების რაოდენობისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შესახებ საკითხებზე უსმენს.

ფინანსთა მინისტრი საკომიტეტო მოსმენაზე ფრაქციებმა - „ევროპული საქართველო“ და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დაიბარეს.

კახა კალაძე: ჰესების საწინააღმდეგო კამპანია ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია.

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მტერია ყველა, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგეტიკულ განვითარებას.

ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ შენიშნა, რომ დღეს შეფერხებულია მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში დაწყებული არაერთი პროექტი:

„ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას ათვისებული წყლის რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი - ჰიდროელექრტოსადგური, ქარის ელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომლებიც ევროპული სტანდარტებით გავაკეთეთ, არასდროს საქართველოში არ გაკეთებულა. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება შეფერხებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პანკისში განვითარებულ მოვლენებს კახა კალაძე „მიუღებელს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები“.

„სამწუხაროა, რატომ ამ მდგომარეობამდე მივედით. ჩემი მინისტრობის დროს ბევრი პროექტი განვახორციელეთ. პანკისის ხეობაში იყო გაზიფიცირების სამუშაოები, ელექტროფიცირება, ასევე, მრიცხველების დამონტაჟება. იყო სოფლები, რომლებსაც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. როცა ჩავდიოდით და ამ პროექტებს ვახორციელებდით, ყოველთვის ძმობისა და მეგობრობის მეტი არაფერი ხდებოდა, სუფრის გაშლით დაწყებული, ძმაკაცობით დამთავრებული. განწყობა და დამოკიდებულება. რაც ვნახეთ კატეგორიულად მიუღებელია და ყველაფერს ცდება. არავის ეპატიება პოლიციის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები“, - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული წყლის დიდი რესურსი ქვეყანამ რაციონალურად უნდა გამოიყენოს.

მიანმარში ძალაში დატოვეს „როიტერსის“ ორი კორესპონდენტისათვის მისჯილი პატიმრობა

ჟურნალისტები კეაუ სოე ოო (მარცხნივ) და ვა ლონი 2018 წლის 3 სექტემბერს იანგონში, სასამართლოს დარბაზში შეყვანამდე

მიანმარის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ორი კორესპონდენტისათვის შეფარდებული სასჯელი - შვიდი წლით პატიმრობა.

ჟურნალისტები ვა ლონი და კეაუ სოე ოო 2017 წლის დეკემბერში დააკავეს მიანმარში მუსლიმების დევნის შესახებ მასალაზე მუშაობისას და პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფო საიდუმლოს შესახებ კანონის დარღვევისათვის.

ჟურნალისტები უარყოფენ ბრალდებას. ადვოკატების განცხადებით, პროკურორებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ ვერც ის, რომ ჟურნალისტები განზრახ აგროვებდნენ საიდუმლო ინფორმაციას და ვერც ის, რომ მას მიანმარის მიმართ არამეგობრულ ქვეყნებს უგზავნდნენ. მიანმარი ცნობილია ბირმის სახელწოდებითაც.

ვა ლონისა და სოე ოოს გათავისუფლებას მოითხოვენ გაერო, ევროკავშირი და უფლებადამცველი ორგანიზაციები.

2017 წლის აგვსტოში ისლამისტები თავს დაესხნენ მიანმარელ პოლიციელებს და მოკლეს რამდენიმე ადამიანი. მთავრობის რეაქცია იყო სამხედრო ოპერაცია ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე რაკჰაინის შტატში. დაიწყო ადგილობრივი მუსლიმების, როჰინჯების დევნა, რომელმაც 650-მდე ათასამდე ადამიანს აიძულა მეზობელ ბანგლადეშში გაქცევა.

ვა ლონი და სოე ოო იძიებდნენ სამხედროთა მონაწილეობას ათობით მუსლიმის მკვლელობებში. ჟურნალისტური გამოძიება ბოლომდე იქნა მიყვანილი ჟურნეალისტების დაკავების შემდეგ. მასალაში თავმოყრილია თვითმხილველების მონათხრობი მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შესახებ. "როიტერსის" ეს ჟურნალისტური გამოძიება პრესტიჟული „პულიტცერის პრემიით“ დაჯილდოვდა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი დაგროვებით პენსიაზე: ეს არ იძლევა ღირსეულ სიბერეს

„მთავრობამ დაიწყო ნაჩქარევად და ღია ზღვაში აშენებენ გემს. სულ რომ გამართული გემი გაგვეშვა ღია ზღვაში ეს მაინც არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. ყველამ ვიცით, რომ 6%-იანი დანაზოგი ამას ვერ შეძლებს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

23 აპრილს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორს, ლევან სურგულაძეს უსმენდნენ.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, პრობლემაა, რომ საინვესტიციო საბჭო ჯერ არ არის დაკომპლექტებული და არ ხდება შეგროვილი თანხების წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით განთავსება, მეტი მოგების მიღების მიზნით. დეპუტატი ასევე თვლის, რომ პრობლემაა რისკების კონტროლის მექანიზმის არარსებობა და რეფორმის ძალდატანებითი ხასიათი.

„როდესაც ასეთი ძალდატანებითი სქემა შემოდის, ბუნებრივია, მოქალაქეებიც და ბიზნესიც ცდილობენ ამ ზედმეტად დაკისრებულ გადასახადს აარიდონ თავი. შესაბამისად, იწყება ბუღალტრული ხლართები...

კერძო კომპანიებმა ეს საკითხი გადაწყვიტეს შემდეგნაირად: ან ოთხივე პროცენტის გადახდა თავის თავზე აიღეს, ან ოთხივე პროცენტი გადააწერეს დასაქმებულს და ჩვენს ისედაც ღარიბ, დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს დააწვათ ეს ტვირთი თვითონ“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ის ფიქრობს, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს არა აქვთ დასაქმებულებთან ვაჭრობის შესაძლებლობა და მათმა უდიდესმა ნაწილმა დაიწყო ამ საპენსიო სქემის დატოვება.

იმას, რომ დაგროვებითი პენსიის სქემას ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა არ შეუძლია, არ ეთანხმება ლევან სურგულაძე. მისი თქმით, მთელი რიგი გამოთვლებისა და სპეციალური ცხრილის თანახმად, თუკი ადამიანი სქემაში, მაგალითად, 35 წლის ასაკში ჩაერთვება, მისი პენსიის მოცულობამ შესაძლებელია მიაღწიოს 2-4 ათას ლარსაც.

მოისწრაფიშვილი: ლაშა ჟვანია ადმინისტრაციაში მენეჯმენტის დალაგების პირობით მოვიდა

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშა ჟვანია მენეჯმენტის დალაგების მიზნით და იმ პირობით მივიდა, რომ შემდეგ უკან, პატრიაქრის ფონდში დაბრუნდებოდა.

23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ხატია მოისწრაფიშვილმა თქვა, რომ ჯერჯერობით მისთვის უცნობია, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას. ის არც გავრცელებულ ცნობას ადასტურებს იმის თაობაზე, რომ ლაშა ჟვანიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა.

"არავითარი დაპირისპირება არ არის. ყველასთვის ცნობილია, რომ ბატონი ლაშა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოვიდა საპატრიარქოდან, სადაც 8 წელზე მეტ ხანს მუშაობდა და ის მოვიდა იმ პირობით, რომ მას შემდეგ, რაც აქ დალაგდებოდა მენეჯმენტი, გარკვეული დროის შემდეგ, ის შეძლებდა უკან დაბრუნებას, ყოფილ სამსახურში. პირველ მაისამდე ბატონი ლაშა რჩება სამსახურში და შეასრულებს თავის მოვალეობას", - განაცხადა პრეზიდენრის პრესსპიკერმა.

რამდენიმე დრის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1 მაისამდე იმუშავებს, შემდეგ კი კვლავ პატრიარქის ფონდს დაუბრუნდება.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მალე ესტუმრება რუსეთს

ჩრდილოეთ კორეაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი კიმ ჩენ ინი „მალე“ ესტუმრება რუსეთს, მის კოლეგა ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. მაგრამ ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ სააგენტო(KCNA)-ს 23 აპრილს ცნობაში არაფერია ნათქვამი შეხვედრის ზუსტ დროზე.

რუსული გამოცემა „კომერსანტის“ თანახმად, შეხვედრა 25 აპრილს გაიმართება ვლადივოსტოკში. გაზეთი ეყრდნობა ორ ანონიმურ პირს, რომლებიც ამ შეხვედრის მომზადებაში მონაწილეობენ.

გაზეთის ცნობას არ გამოხმაურებიან რუსეთის ხელისუფლებიდან, თუმცა, 18 აპრილს, კრემლის ვებგვერზე გამოქვეყნდა ცნობა, რომლის თანახმად კიმ ჩენ ინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა აპრილის მეორე ნახევარში იგეგმება.

დაგროვებითი პენსია: საპენსიო შენატანი და სარგებელი 174 მილიონ ლარზე მეტია

საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის ინფორმაციით, დაგროვებით პენსიის სქემაში ჩართულია - 747 774 უნიკალური მონაწილე, ხოლო საპენსიო შენატანები და სარგებელი (ერთად) - 174 047 572 ლარს შეადგენს.

22 აპრილის 21:00 საათისთვის არსებული მდგომარეობა სურგულაძემ დეპუტატებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის საპარლამენტო სხდომაზე გააცნო.

747 774 უნიკალური მონაწილიდან:

  • საჯარო სექტორში მუშაობს - 187 472 ადამიანი;
  • კერძო სექტორში მუშაობს - 581 439 ადამიანი;
  • კერძო/საჯარო სექტორში (ორივეში) მუშაობს - 21 137 ადამიანი.

294 852-ია იმ მონაწილეთა რიცხვი, რომლებსაც შეუძლიათ დატოვონ სქემა (ასაკობრივი ჯგუფი - 40 წელს გადაშორებული); აქედან:

  • საჯარო სექტორშია დასაქმებული - 78 047 ადამიანი;
  • კერძო სექტორშია დასაქმებული - 228 006 ადამიანი;
  • კერძო/საჯარო სექტორშია დასაქმებული - 11 201 ადამიანი.

სქემას უკვე გამოეთიშა - 2 915 ადამიანი:

  • საჯარო სექტორიდან - 2 712;
  • კერძო სექტორიდან - 433;
  • კერძო/საჯარო სექტორიდან - 230.

საპენსიო ფონდის ღირებულება 145 573 875 ლარს შეადგენს; დარიცხული სარგებელი - 784 313 ლარია; ხოლო საპენსიო შენატანები და სარგებელი (ერთად) 174 047 572 ლარს შეადგენს.

ლევან სურგულაძის თქმით, ფონდის ღირებულებასა და შენატანებისა და სარგებლის ჯამს შორის დაახლოებით 30-მილიონიანი განსხვავება იმის გამო აღინიშნება, რომ კომპანიების მიერ გადმორიცხულ თანხა ჯერ არ განაწილებულა სქემის მონაწილეებზე.

ეს თანხა ფონდის ნაწილი მას შემდეგ გახდება, რაც დეკლარაციები დაიხურება.

310-ს მიაღწია ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა შრი-ლანკაში

23 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 310-ს მიაღწია შრი-ლანკაში ორი დღის წინ მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. 21 აპრილს აფეთქებები რამდენიმე ადგილას მოხდა, მათ შორის სასტუმროებში და ეკლესიებში, სადაც მორწმუნეები სააღდგომო წირვას ესწრებოდნენ. პოლიციის ცნობით, ასობით დაჭრილი და დაშავებული საავადმყოფოებში იმყოფება. ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ტერაქტებთან კავშირში ეჭვმიტანილი სულ მცირე 40 კაცი.

21 აპრილს ტერორისტებმა შრი-ლანკაში სულ 9 თავდასხმა განახორციელეს. ეკლესიებში აფეთქება მოხდა დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, ქალაქ ნეგომბოში - კოლომბოსთან ახლოს, და ქალაქ ბატიკალოაში, რომელიც 250 კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქს. პოლიციის ცნობით, კიდევ სამი აფეთქება მოხდა ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში.

იუწყებიან, რომ ეს ძალადობა ყველაზე მასშტაბურია მას შემდეგ, რაც შრი-ლანკაში ათი წლის წინ დასრულდა სისხლიანი სამოქალაქო ომი. ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის უკისრია. მაგრამ შრი-ლანკის ხელისუფლების წარმომადგენელმა, რაჯიტა სენარატრემ განაცხადა, რომ მათი ვარაუდით ტერაქტების უკან უნდა იდგეს ადგილობრივი ექსტრემისტული დაჯგუფება, რომელიც თავის თავს უწოდებს „ნაციონალურ მონოთეისტურ ორგანიზაციას“ (NTJ)- ს

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG