Accessibility links

საქართველოს პარლამენტი ახალი კონსტიტუციის განხილვას უბრუნდება


საქართველოს პარლამენტი დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ, საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს. 25 სექტემბერს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი თქვა, რის შემდეგაც პარლამენტმა ისარგებლა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და ბიუროს გადაწყვეტილებით, რიგგარეშე სხდომა 26 სექტემბერს, 14 საათზე დაინიშნა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ გიორგი მარგველაშვილის უარი იმით ახსნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი არ არის თანხმობის დოკუმენტი, მასში არ არის გათვალისწინებული ვენეციიის კომისიის რეკომენდაციები და ქვეყანა მიიღებს ერთპარტიულ დოკუმენტს. თავის მხრივ, მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ არცერთ ამ შეფასებას არ ეთანხმება. უმრავლესობაში შემავალმა კიდევ ოთხმა პარტიამ, „სოციალ-დემოკრატები-საქართველოს განვითარებისთვის,“ „კონსერვატიულმა პარტიამ,“ „მწვანეთა პარტიამ“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ 25 სექტემბერს, საღამოს გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომელშიც უპასუხისმგებლობა და ტყუილი უწოდა მოსაზრებას, რომ ახალ კონსტიტუციას მხარს მხოლოდ ერთი პარტია უჭერს. საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს საპარლამენტო ოპოზიცია. მისი უმთავრესი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას ითვალისწინებს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ორი მოსმენით უკვე მიღებული, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG