Accessibility links

თბილისის საკრებულომ სადავო საკითხი დაამტკიცა


თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოში მწვავე დაპირისპირების მიზეზად იქცა სოლოლაკის ქედსა და თავისუფლების მოედნის მახლობლად მდებარე მიწის ნაკვეთებისთვის სტატუსის შეცვლა. დედაქალაქის მთავრობას ლანდშაფტური ზონის სტატუსის შესაცვლელად მიმართა კომპანიამ, რომელიც „პანორამა თბილისის“ პროექტს ახორციელებს. საკრებულოში მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატები, ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილის კომპანია მოითხოვს მიწისქვეშა ავტოსადგომის მოსაწყობად 1 ლარად გადაეცეს პუშკინის სკვერთან მდებარე 1900 კვადრატული მეტრი ფართობი და არ დაუშვებენ, რომ გეოლოგიური და სატრანსპორტო დასკვნის გარეშე, ზონები ერთ დღეში შეიცვალოს. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი დაადანაშაულა მოქალაქეებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში. ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში იყო არა პუშკინის სკვერთან მდებარე ნაკვეთის 1 ლარად გასხვისება, არამედ ამ ტერიტორიისთვის ზონის სტატუსის შეცვლა. „საკრებულოს დარბაზი არ არის შოუების მოსაწყობი ადგილი და საარჩევნო ინტერესებისთვის გამოყენების სივრცე“ - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა. ოპოზიციის პროტესტის გამო რამდენიმე ხნით შეწყვეტილი იყო საკრებულოს სხდომა. მოგვიანებით, ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საკრებულოს შენობიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს, რის შემდეგაც სხდომა განახლდა. საკრებულოს წევრებმა 28 ხმით სამის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს პუშკინის სკვერთან მდებარე მიწის ნაკვეთისა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობისთვის სტატუსის შეცვლას, რათა იქ შესაძლებელი გახდეს მიწისქვეშა ავტოსადგომის და გოლფის მოედნებისთვის საჭირო საირიგაციო სისტემის აშენება. საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ალექსანდრე ელისაშვილმა, მარიკა დათუკიშვილმა, სევდია უგრეხელიძემ, შორენა ბუხრაშვილმა და ზაზა ვეკუამ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG