Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ბათუმში ხანძრის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი


საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის შედეგად, დაიღუპა 11 ადამიანი. მათ შორის 10 საქართველოს მოქალაქეა, 1 - ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 3 პაციენტი უკვე გაწერეს კლინიკიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 ნოემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ან სხვა მძიმე შედეგი. შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში და შენობაში მყოფი ადამიანების სამაშველო ოპერაციაში პირველივე წუთებიდან ჩაერთნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა: 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG