Accessibility links

მერაბიშვილის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ხელისუფლება და ოპოზიცია სხვადასხვაგვარად აფასებენ


ვანო მერაბიშვილი

საპარლამენტო უმცირესობამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ქვეყნის იმიჯის ზიანის შემცირების მიზნით, პატიმრობიდან გაათავისუფლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ძალაში დატოვა მანამდე სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე და ჩვენ მოვიგეთ საქმე, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას“ - განაცხადა ფრაქციის, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ოთარ კახიძემ, რომელიც ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატია. კახიძის თქმით, სასამართლომ ძალაში დატოვა მე-18 მუხლის დარღვევა, ანუ იმ მუხლისა, რომლითაც წარმართული იყო ცნობილი პატიმრების, იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს საქმეები. თავის მხრივ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 28 მარტს განმარტა, რომ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იწვევს არანაირ სამართლებრივ შედეგს, გარდა კომპენსაციის გადახდისა. თეა წულუკიანის განცხადებით, დიდი პალატის 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა, რომელიც გრძელდებოდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი. „მე-18 მუხლთან დაკავშირებით, ხმები სერიოზულად გაიყო და 9 ხმით, 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი იმ ერთი ინციდენტიდან გამომდინარე, რომელიც ეხება 2013 წლის 14 დეკემბრის ღამით, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ისიც, რომ მერაბიშვილის პატიმრობა არ ემსახურებოდა პოლიტიკიდან მისი ჩამოშორების მიზანს. „შესაბამისად, ყველანაირი მტკიცება, სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი“ - განაცხადა წულუკიანმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG