Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა შეფასებით, ზვიად რატიანის საქმის გაშუქებისას სტანდარტი დაირღვა


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის მიუღებელია ზვიად რატიანის შესახებ პირველი არხის მიერ მომზადებული სიუჟეტი - ამის შესახებ 29 დეკემბერს, განაცხადა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ. მისი შეფასებით, სიუჟეტი იყო გარკვეულწილად არაობიექტური და ადამიანის უფლებების შემლახველი. „ბორდი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი, რომელმაც გამოიწვია საზოგადოებრივი აღშფოთება და რეზონანსი, ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მუშაობდეს, დაირღვა“- განაცხადა გრიგოლ გოგელიამ. მისი თქმით, მაუწყებელი არ არის მხოლოდ ბორდის და მენეჯმენტის მაუწყებელი და საზოგადოებას აქვს მექანიზმი, რომ თუ რაიმე არამართებული შინაარსის პროდუქტს გაუშვებს, და ეს შესაძლოა, ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს, მაუწყებელში იმსჯელონ სპეციალურმა ინსტიტუტებმა და მიიღონ გადაწყვეტილება. 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-მ მტკიცებულებად წარადგინა პოლიციელების მიერ ჩაწერილი მასალა, რომლის თანახმად, პოეტი ზვიად რატიანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს სამართალდამცავებს. თუმცა, ამ მასალის მიხედვით გაურკვეველია რატიანის დაკავების გარემოებები და მისი გაღიზიანების მიზეზი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩანაწერი შსს-სგან გამოითხოვა და ეთერში გადასცა. ამის გამო, არაერთმა მწერალმა, გამომცემელმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტი გამოუცხადეს.

XS
SM
MD
LG