Accessibility links

კვირიკაშვილი სახელმწიფოსთვის საზიანოდ მიიჩნევს წინასწარ დასკვნებს კონტრტერორისტული ოპერაციების შესახებ


გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო, დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, ყველაფერს აკეთებს ტერორიზმის საფრთხის თავიდან ასაცილებლად. „როცა ამ გამოწვევასთან ბრძოლა საკუთარ ქვეყანაში გიწევს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება ჩვენს მოქალაქეებს, ის არის ძალიან მგრძნობიარე და საფრთხილო“ - განაცხადა 11 იანვარს, მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ტერორისტული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად სპეცსამსახურებმა ჩაატარეს რამდენიმე ოპერაცია, რომელსაც შეეწირა სპეცსამსახურების ერთი თანამშრომელი, ოთხი დაიჭრა და ისინი თავისი სიცოცხლის ფასად იცავდნენ მოქალაქეების უსაფრთხოებას. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პირველ ყოვლისა ხელისუფლების ინტერესია, რომ პროკურატურის ობიექტურმა და ეფექტიანმა გამოძიებამ მაქსიმალურად მოკლე დროში გასცეს პასუხები საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას, არსებულ ვითარებაში წინასწარი დასკვნები და განცხადებები კი აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს. „სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატივისცემა დაუდასტურა ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც კვირიკაშვილის თქმით, საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. „ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებელია თავისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG