Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გაიმართება


ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში ყველაზე მეტი ხმა მიიღო მოქმედმა პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა - თუმცა არასაკმარისი საიმისოდ, რომ არ შექმნილიყო მეორე რაუნდის საჭიროება. დათვლილია თითქმის ყველა ხმა და იუწყებიან, რომ ზემანმა ხმათა 39 პროცენტამდე მოიპოვა, მისმა მთავარმა მეტოქემ, მეცნიერებათა აკადემიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ირჟი დრაჰოშმა - 26.5 პროცენტი. დანარჩენმა შვიდმა კანდიდატმა ათი ან ნაკლები პროცენტი მოაგროვა. იმის გამო, რომ ვერ შესძლო აუცილებელი, 50 პროცენტზე მეტი ხმის მოპოვება, ზემანი ახლა დრაჰოშს არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, 26-27 იანვარს. ჩეხეთში პრეზიდენტის აღმასრულებელი ძალაუფლება შეზღუდულია, მაგრამ როგორც ზემანმა, ისე მისმა წინამორბედებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს საჯარო დისკუსიებზე. ზემანი პირველად 2013 წელს აირჩიეს და მას შემდეგ მან მნიშვნელოვანი განხეთქილება გამოიწვია საზოგადოებაში, თავისი პრო-რუსული პოზიციით და ჩინეთთან დაახლოების სურვილით. ზემანს მისი ძლიერი ანტი-იმიგრაციული რიტორიკითაც იცნობენ, დრაჰოსი კი პროევროპელ ლიბერალად ითვლება. როცა ზემანი 12 იანვარს კენჭისყრაზე გამოცხადდა, მას მიეგება წელს ზემოთ შიშველი ქალი, რომელიც პროტესტის ნიშნად სკანდირებდა ლოზუნგს "ზემანი - პუტინის მეძავი". ქალი დაცვამ გაიყვანა ადგილიდან. საპროტესტო მოძრაობა "ფემენმა" ტვიტერით დაწერა, რომ ქალი მათი უკრაინელი აქტივისტი იყო. ​პირველ, ორდღიან ტურში ამომრჩევლის აქტივობა 60 პროცენტამდე იყო.

XS
SM
MD
LG