Accessibility links

სანქციები გამკაცრდება მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართეს კონსულტაცია სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე. შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თბილისის მერის ინიციატივით, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდება და შესაბამისი ცვლილება დაემატება შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო პაკეტს, რომელსაც ამჟამად განიხილავს საქართველოს პარლამენტი. „ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, რადგან სამშენებლო სამუშაოებზე ძალიან ხშირად არის მსხვერპლი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრების გარდა, საქმე ეხება ადმინისტრირების გაუმჯობესებას და უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებულ სანქციებს, რამაც უნდა უზრუნველყოს პრობლემის არსებითად მოგვარება. „ჩვენ რა თქმა უნდა, მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა, დაუშვებელია და არ უნდა ხდებოდეს ადამიანების მსხვერპლისა და ურბანული დამახინჯების ხარჯზე“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევა 30 000 ლარით დაჯარიმდება მაშინ, როდესაც დღეს არსებული წესით, პირველი შემთხვევა ითვალისწინებს მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას, მომდევნო 3000 ლარით დაჯარიმებას და ეს თანხა იზრდება ყოველი შემდეგი დარღვევისთვის. კახა კალაძის განმარტებით, სანქციები გამკაცრდება ნებისმიერი სახის დარღვევისთვის, მათ შორის ჩაფხუტის გარეშე მუშაობისთვის. თბილისის მერის ინფორმაციით, თუ მშენებლობა დარღვევების გამო შეჩერებულია და მიუხედავად ამისა, ინვესტორი კომპანია მუშაობას აგრძელებს, 50 000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, თუ მიწა სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და იქ უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმა 25 000 ლარი იქნება, კერძო საკუთრებაზე კი, 20 000 ლარი. კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და „მენაშენეთა ასოციაცია.“

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG