Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმებას ხელი მოაწერეს


გარიგებული საკალათბურთო მატჩების საქმეზე დაკავებულ სამივე პირთან, შესაძლოა, ხვალ საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს. საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთვნელმა ვაჟა კვარაცხელიამ, ამავე კლუბის თანამფლობელმა თემურ დათიკაშვილმა და მსაჯმა ზაზა მაჩალაძემ საპროცესო შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.

კვარაცხელიას ადვოკატმა თამარ აბესაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ საკითხზე სასამართლო ხვალ , 22 თებერვალს, იმსჯელებს

„თუ სასამართლო საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, მაშინ დაკავებულები ექვსთვიან სასჯელს მოიხდიან. გარდა ამისა, ფინანსურ ჯარიმას გადაიხდიან და ერთწლიანი პირობითი მსჯავრი დაედებათ“, - გვითხრა თამარ აბესაძემ.

კვარაცხელია, დათიკაშვილი და მაჩალაძე, უკვე ორი თვეა, საპატიმროში არიან. თუ საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა, მაშინ მათ ოთხ თვეში გაათავისუფლებენ.

2017 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხუთი ადამიანი დააკავა, მათ შორის -მსაჯები ირაკლი და დავით ბერიშვილები. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად 36 ათასი ლარი მიიღეს. დავით და ირაკლი ბერიშვილებმა ბრალი უმალ აღიარეს, გამოძიებასთან თანამშრომლობენ და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ, ვაჟა კვარაცხელია, თემურ დათიკაშვილი და ზაზა მაჩალაძე კი პატიმრობაში რჩებიან.

XS
SM
MD
LG