Accessibility links

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა 22 თებერვალს დაკავებული საქართველოს მოქალაქე


ცხინვალის ხედი თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი, ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილი არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც გუშინ დააკავეს ლენინგორის რაიონის ტერიტრიაზე.“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტის განცხადებითვე, გვამის გაკვეთის წინასწარი შედეგებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზია გულის მწვავე უკმარისობა. ოსური სააგენტოს, „რესის“ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქალაქ მცხეთის მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა უშიშროების ორგანოების თვალსაწიერში, როგორც ქართული სპეცსამსახურების ინფორმატორი და „2004-2008 წლების ქართული აგრესიის აქტიური მონაწილე.“ დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებითვე, ტატუნაშვილს აღმოუჩინეს სამხრეთ ოსეთის ყალბი დოკუმენტები, ქართული პირადობის მოწმობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სავიზიტო ბარათი, მისი მობილური ტელეფონით კი გადაღებული იყო სამხრეთ ოსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, დაკითხვისას ეჭვმიტანილმა მოითხოვა ადვოკატი და თარჯიმანი, მოთხოვნის შესრულების შემდეგ უარი თქვა შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან, იზოლატორში გადაყვანისას კი სცადა წინააღმდეგობის გაწევა და ბადრაგს პისტოლეტი წაართვა. „ტატუნაშვილის განიარაღების და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განეიტრალების მიზნით, უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა გამოიყენეს ფიზიკური ძალა, რა დროსაც დაკავებულმა ტრავმები მიიღო, დაეცა და კიბეზე დაგორდა“ - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. მისივე მტკიცებით, მალევე არჩილ ტატუნაშვილს სუნთქვა გაუჭირდა, თავი ცუდად იგრძნო და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ორი საათის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG