Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში საპროტესტო აქციას მართავს სამოქალაქო სადამკვირვებლო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“


საპროტესტო აქცია ერგნეთში.
საპროტესტო აქცია ერგნეთში.

ამ წუთებში ერგნეთში აქციას მართავს სამოქალაქო სადამკვირვებლო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“.

ისინი ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას აპროტესტებენ და საოკუპაციო ძალებს საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ერგნეთში ჩავიდნენ დაღუპულის ოჯახის წევრები, რომლებიც აქციას შეუერთდებნენ.

დღეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ქართულ მხარეს უარი უთხრა ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე.

„რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული ქართველი მეომრის-არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად ვიმყოფებით ერგნეთში. ვინც ფიქრობთ, რომ უნდა შემოგვიერთდეთ, გელოდებით!!!“ - ნათქვამია „ძალა ერთობაშიას“ ხელმძღვანელის, დავით ქაცარავას მიერ გავცელებულ განცხადებაში.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი, ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილი არჩილ ტატუნაშვილი“.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ცხინვალში გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, ტატუნაშვილი არ მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში.

XS
SM
MD
LG