Accessibility links

მურატ ჯიოევი: "მასალები გავგზავნეთ დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე" რუსეთში


მურატ ჯიოევი, ანატოლი ბიბილოვის სრულუფლებიანი წარმომადგენელი

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გადაეცემა, - ამ ინფორმაციას ავრცელებს ოსური საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელ მურატ ჯიოევზე დაყრდნობით. ჯიოევის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ერგნეთში „ორგანიზებული იყო საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ქართული მხარის თხოვნით, რომლითაც მან ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიას მიმართა“. სააგენტო „რეს“-ის თანახმად, შეხვედრაზე ცხინვალის მხარეს გამოუთქვამს თანაგრძნობა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისა და ახლობლებისთვის და აღუნიშნავს, რომ მისი გარდაცვალება ტრაგედიაა იმის მიუხედავად, თუ რა კითხვები ჰქონდა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებს მის მიმართ. სააგენტოს მოჰყავს ჯიოევის სიტყვები: „გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისი [ტატუნაშვილის] სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა იყო, რაც დაადასტურა ჩვენმა წინასწარმა ექსპერტიზამ. იმისათვის, რომ ჩვენი დასკვნები დადასტურდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერაც, ჩვენ მასალები გავგზავნეთ დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე“. ჯიოევის განმარტებით, რუსეთში გაიგზავნა ცხინვალში ჩატარებული ექსპერტიზის მასალები. სააგენტო „რეს“-ი მურატ ჯიოევზე დაყრდნობით წერ, რომ გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, ექსპერტიზის შედეგების ასლთან ერთად გადაეცემა ქართულ მხარეს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელს აღუნიშნავს, რომ დღეს ყველა მხარემ უნდა იზრუნოს, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებამ პოლიტიკური სარჩული არ შეიძინოს და „არ გაართულოს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობები“. რაც შეეხება, საქართველოს კიდევ ორ მოქალაქეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, „შაბათს ისინი გაათავისუფლეს და ამჟამად იმყოფებიან შინ, ლენინგორში. თუმცა, ვინაიდან საგამოძიებო ორგანოებს შეიძლება მათ მიმართ გაუჩნდეთ კითხვები, ისინი დროებით რჩებიან რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შემდეგ კი მათ ქართულ მხარეს გადავცემთ“, - უთქვამს მურატ ჯიოევს, რომლის სიტყვებსაც სააგენტო „რეს“-ი ავრცელებს. ჯიოევს დაუზუსტებია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ბებია ახალგორში ცხოვრობს: „როგორც ჩანს, მან საშვი მიიღო როგორც ლენინგორის მკვიდრის შვილიშვილმა“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG