Accessibility links

იწურება არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ულტიმატუმის ვადა


არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრების და მათი მხარდამჭერების აქცია ნატახტარში. 2018 წლის 26 თებერვალი

დღეს, 28 თებერვალს იწურება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, საეჭვო გარემოებებში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ულტიმატუმის ვადა, რომლის განმავლობაში ოჯახი მოითხოვს ცხედრის გადაცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა განაცხადა, საქართველოდან რუსეთის ფედერაციისკენ მიმავალ ავტომაგისტრალს გადაკეტავენ და არ გაატარებენ რუსულ სანომრე ნიშნიან ავტომანქანებს. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ოჯახისთვის ცხედრის გადაცემამდე რუსეთიდან უნდა მიიღოს ექსპერტიზის პასუხი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შსს-ს ინფორმაციით, მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს რაც შეიძლება სწრაფად გადაეცეს. 26 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქციები გამართეს საქართველოს ცენტრალურ და რუსეთისკენ მიმავალ ავტომაგისტრალებზე და ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცეს ოჯახისთვის ცხედრის გადასაცემად. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში 22 თებერვალს დააკავეს საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელმა, ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილმა“ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. ამ ვერსიის არ სჯერა ოჯახს და ტატუნაშვილის მეგობრებს, რომლებიც აცხადებენ, რომ დაკავებული წამებით მოკლეს და ცხედრის გადაცემას აჭიანურებენ ძალადობის კვალის წასაშლელად. რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი დე ფაქტო ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა, თუმცა არ აძლევს ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლებას. ქართული მხარე ჯერჯერობით უშედეგოდ მოითხოვს, რომ ქუტაშვილს და პავლიაშვილს მიეცეს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG