Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ცენტრში მიმდინარეობს აქცია „მშვიდობა ომზე მეტია“


საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით „მშვიდობა ომზე მეტია!“ აქცია ახალგორში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად ტარდება და მიმართულია რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, აღნიშნული ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს. ისინი მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებსა თუ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გადადონ გვერდით საკუთარი ინტერესები და ყოველგვარი სტატუსის გარეშე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. ასევე, იგეგმება რეჟისორ თაკო რობაქიძის ფილმის ჩვენება, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ყოფას ასახავს. ხსოვნის აქცია მიმდინარეობს ასევე ქალაქ გორში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მალე მიაბარებენ მიწას. 22 თებერვალს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. 23 თებერვალს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ მის გასანეიტრალებლად ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რა დროსაც კიბეზე დაგორდა, მოგვიანებით კი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სავარაუდოდ, გულის უკმარისობის შედეგად. ოჯახის წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

XS
SM
MD
LG