Accessibility links

გერმანიის საელჩო: საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა თითქმის 100% უარს იღებს


საქართველოში იმყოფებიან გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელი, კრისტიან კლოსი და საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში, ანეტ გიუნტერი. ისინი საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას განიხილავენ მიგრაციის აქტუალურ საკითხებს. გერმანიის საელჩოს მიერ 6 მარტს გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, „გერმანიამ, როგორც ათეული წლების მანძილზე საქართველოს მჭიდრო პარტნიორმა და მეგობარმა, 2017 წლის მარტში მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. 200 ათასზე მეტმა მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. უვიზო მიმოსვლა ემსახურება ასევე გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალფეროვანი კულტურული, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კონტაქტების გაღრმავებას. მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს ამ თავისუფლებას იმისათვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს.” გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, სავიზო ლიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა, მხოლოდ იანვარში, გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვა საქართველოს 700-ზე მეტმა მოქალაქემ და მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. საელჩო აღნიშნავს, რომ მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც. „გერმანიაში არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობი მატება იწვევს გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდ შეშფოთებას, ამიტომ მისი აზრით, აუცილებელია სწრაფი და ქმედითი რეაგირება. იმ ღონისძიებების გარდა, რომლებიც ეროვნულ და ევროკავშირის დონეებზე ტარდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე პარტნიორულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან იმისათვის, რომ საგრძნობლად შემცირდეს უვიზოდ მიმოსვლის ბოროტად გამოყენება. ამიტომ გერმანიას სურს, კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან რეადმისიის საკითხებში უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობა“ - ნათქვამია გერმანიის საელჩოს პრესრელიზში. საელჩოს ცნობითვე, გერმანია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში, შენგენის მთლიან ზონაში შესვლას რამდენიმე წლით აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG