Accessibility links

პარლამენტში მიმდინარეობს კონსულტაცია არჩილ ტატუნაშვილის შესახებ ერთობლივი რეზოლუციის მისაღებად


საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებმა დაიწყეს კონსულტაცია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე ერთობლივი რეზოლუციის მისაღებად. ამ დროისთვის არსებობს ორი, უმცირესობის და უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ 6 მარტს უმრავლესობასთან გაიმართა კონსულტაციის პირველი რაუნდი. "ჩვენი ამოცანაა არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვაერთიანოს და პარლამენტმა შეძლოს ერთი, ძლიერი, სახელმწიფოებრივი რეზოლუციის მიღება, ამიტომ, ამ მიმართულებით მზად ვართ ყველა ნაბიჯის გადასადგმელად“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი შეფასებით, მსგავსი განწყობა აქვს უმრავლესობასაც. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ უმცირესობა მზად არის ესაუბროს სხვა საპარლამენტო, ოპოზიციურ პარტიებსაც. "ჩვენ მზად ვართ საფუძვლად ავიღოთ უმრავლესობის ტექსტი, მაგრამ აუცილებლად გვეჩვენება ამ ტექსტს დაემატოს სანქციების და ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ელემენტი. ამ ფარგლებში დავიწყეთ კონსულტაციები. საბოლოო ტექსტი შედგება თუ არა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია"- განაცხადა დავით ბაქრაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, უმრავლესობის მიზანია საქართველოს პარლამენტმა მიიღოს ერთიანი, ძლიერი რეზოლუცია. მისი ინფორმაციით, უმრავლესობა მზად არის განიხილოს უმცირესობის მიერ შეთავაზებული სპეციალური სიის შედგენის და სხვა საკითხები. თავისი წინადადებები აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციას. მისი წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს კონსულტაცია რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად და შეჩერდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, სანამ პასუხს არ აგებენ ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავე პირები. „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებაა, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მომიჯნავე რაიონებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაც. 6 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ უმრავლესობა ოპოზიციასთან შეთანხმებას შეძლებს და პარლამენტი ერთიან რეზოლუციას მიიღებს.

არჩილ ტატუნაშვილის საქმე

  • ცხინვალში 23 თებერვალს გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
  • ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
XS
SM
MD
LG