Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ პოზიცია გაიუმჯობესა


საერთაშორისო ორგანიზაციამ, „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“(RSF) გამოაქვეყნა მსოფლიოში პრესის თავისუფლების 2018 წლის ინდექსი. საქართველომ 2017 წელთან შედარებით, პოზიცია გაიუმჯობესა და 180 ქვეყანას შორის 61 ადგილზეა. 2017 წლის რეიტინგში საქართველო 64-ე იყო. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნავს, რომ ქართული მედია პლურალისტური, თუმცა, კვლავ საკმაოდ პოლარიზებულია. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლების რეფორმებმა გააუმჯობესა მედიასაშუალებების მფლობელობის გამჭვირვალობა და თანამგზავრული ტელევიზიის პლურალიზმი, თუმცა, მფლობელები კვლავაც ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ხაზს უსვამს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს და აღნიშნავს, რომ ეროვნული მასშტაბით მთავარი ოპოზიციური ტელეარხის მფლობელობასთან დაკავშირებულ დავას დიდი გავლენა ექნება. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში იშვიათია ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, თუმცა, ხშირია ცნობები მუქარის შესახებ. ანგარიშის თანახმად, საქართველო ტრადიციულად აძლევდა თავშესაფარს დისიდენტებს მეზობელი ქვეყნებიდან, ამიტომ დიდი დარტყმა იყო 2017 წელს, თბილისიდან აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცება. საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ აფგან მუხთარლი გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა აზერბაიჯანში, სადაც ყალბი ბრალდებით მიუსაჯეს ექვსწლიანი პატიმრობა. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნავს, რომ მომხდარის გამო თანამდებობებიდან დაითხოვეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანი, თუმცა, საქართველოში მიმდინარე გამოძიებას დღემდე არ აქვს დამაჯერებელი განმარტება, თუ როგორ მოხდა აფგან მუხთარლის გატაცება.

XS
SM
MD
LG