Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში 1000-ს გადააჭარბა პუტინის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა


1000-ს გადააჭარბა იმ პირთა რიცხვმა, რომლებიც დააკავეს რუსეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე ლოზუნგით "ის ჩვენი მეფე არ არის" - იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური, უფლებადამცველ პორტალ "ОВД-Инфо"-ზე დაყრდნობით. მოსკოვში დააკავეს 592 პირი, ჩელიაბინსკში - 164, სანკტ-პეტერბურგში - 112. ათობით მოქალაქე დააკავეს იაკუტსკში, კრასნოიარსკში, კრასნოდარში, კალუგასა და ნოვოკუზნეცკში. დაკავებულებს შორისაა ოპოზიციის ლიდერი და აქციების ორგანიზატორი, ალექსეი ნავალნი - ის დააკავეს მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, მალევე მას შემდეგ, რაც აქციაზე მივიდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციელებმა ნავალნი ძალის გამოყენებით, კიდურებზე ხელმოჭიდებული გაიყვანეს აქციიდან. ნავალნის მოკავშირის, ილია იაშინის თქმით - რომელმაც ნავალნი საკანში მოინახულა - მას ბრალად უყენებენ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. ნავალნის ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. უფრო ადრე მოსკოვის პოლიციის პრესსამსახური იუწყებოდა, რომ ნავალნის ბრალდება უკავშირდებოდა შეუთანხმებელი მასობრივი აქციის ორგანიზებას. იაშინის განცხადებით, დაკავებისას ნავალნის ხელი დაუზიანეს. სარატოვში გამართული არასანქცირებული აქციის შემდეგ პოლიციელებმა მოზარდი დააკავეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა შეძლო მას მსვლელობის დროს დალაპარაკებოდა. მოზარდის თქმით, აქციაზე ის მამის ნებართვით იმყოფებოდა, ხოლო მის სკოლაში აქციის დროს დანიშნეს შაბათობა და ყველა მოსწავლეს, ვინც არ გამოცხადდებოდა, რუსულ ენაში ორიანების დაწერას დაპირდნენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, სარატოვში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში 800-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. რუსეთის პრეზიდენტობის მეოთხე ვადის დასაწყებად პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს უნდა გაიმართოს, რითიც გახანგრძლივდება მისი 18-წლიანი მმართველობა - რომლის დროსაც, პუტინის მომხრეთა აზრით, მან ქვეყანა "დაჩოქილი მდგომარეობიდან წამოაყენა", პუტინის მოწინააღმდეგეთა შეფასებით კი დაამყარა კორუმპირებული ავტოკრატია. ნავალნის, რომელმაც ბევრჯერ მოაწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები და არაერთი ანგარიში გამოაქვეყნა რუსეთის მმართველ ელიტაში გამეფებულ კორუფციაზე, არ მისცეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ფინანსური დანაშაულის ბრალდების საფუძველზე, რომელსაც თავად ოპოზიციონერი შეთითხნილად მიიჩნევს. ნავალნის მიერ ორგანიზებული 5 მაისის აქციები იმართება ლოზუნგით "ის ჩვენი მეფე არ არის".

XS
SM
MD
LG