Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტების ნაწილმა ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვა


კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლები სასტუმრო "ბილტმორის" დარბაზთან. თბილისი, 2018 წლის 10 მაისი
კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომლები სასტუმრო "ბილტმორის" დარბაზთან. თბილისი, 2018 წლის 10 მაისი

თბილისში, სასტუმრო “ბილტმორში”დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს ძიუდოს ფედერაციის ყრილობა. შეკრება პროტესტის ნიშნად დატოვეს ძიუდოისტებმა, რომლებიც ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ. საქართველოს ნაკრების წევრმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყრილობაზე გამოთქვეს თავისი პრეტენზიები ქევხიშვილის მიმართ და კონკრეტული შეკითხვები დასვეს, თუმცა, ფედერაციის წარმომადგენლებს პასუხების გაცემა არ უცდიათ და ამის გამო ყრილობა დატოვეს. ავთანდილ ჭრიკიშვილის ინფორმაციით, დარბაზში რაიმე ექსცესი არ მომხდარა. ყრილობის დაწყებამდე საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ სამინისტრომ, შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტმა და ოლიმპიურმა კომიტეტმა შექმნეს კომისია, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. ფედერაციის ყრილობის დატოვების შემდეგ, დავით ქევხიშვილის მოწინააღმდეგე სპორტსმენებმა განაცხადეს, რომ დაელოდებიან კომისიის გადაწყვეტილებას და მის მიხედვით იმოქმედებენ. სასტუმრო “ბილტმორის” დარბაზთან, სადაც ძიუდოს ფედერაციის ყრილობა მიმდინარეობს, კერძო დაცვის სამსახურის, “ალგანის” თანამშრომლები იმყოფებიან. მათი გამოძახება ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა ახსნა შესაძლო ექსცესების თავიდან აცილების სურვილით. ყრილობის დღის წესრიგშია ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიშის და კონფლიქტური ვითარების განხილვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG