Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში უმუშევრობის დონე 13,9%-ია


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13,9% შეადგინა. „საქსტატის“ მიერ 21 მაისს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება 2010 წლიდან, როცა ეს მაჩვენებელი შეადგენდა 17,4%-ს. ოფიციალური სტატისტიკით, 2017 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შეადგინა შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 65,8%.

2016 წელთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ისე დასაქმების დონე შესაბამისად, 0,5 და 0,4 პროცენტული პუნქტებით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე შემცირებულია 1,5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში ეს მაჩვენებელი გაზრდილია 0,8 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1,6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0,8 პროცენტული პუნქტით.

„საქსტატის“ ანგარიშის თანახმად, ტრადიციულად, დასაქმებულთა უმრავლესობას თვითდასაქმებულები წარმოადგენენ, თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. კერძოდ, 2017 წელს თვითდასაქმებულთა წილი 51,7%-ს შეადგენდა, რაც 1,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

2017 წელს 2016 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისში და შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში. 2017 წელს უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე კვლავ ფიქსირდება 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 29,6%-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG