Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო გამოდის მოწოდებით რუსეთმა გაიყვანოს ჯარი საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთს მოუწოდა „გაიყვანოს თავისი ძალები“ საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და „ამ ორივე რეგიონში თავისუფლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება“. სახელმწიფო მდივანი ამ განცხადებებით გამოვიდა 21 მაისს, ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას. „აშშ ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის მხრიდან ოკუპაციას საქართველოს მიწაზე. რუსეთის მიერ საქართველოში ძალისმიერი შეჭრა წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების მკაფიო დარღვევას და ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიისა და ჰელსინკის საბოლოო დასკვნის ძირითად პრინციპებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთო ოსეთი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთს მოვუწოდებთ დაიცვას მასზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით დაკისრებული ყველა ვალდებულება, გაიყვანოს მისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ამ ორივე რეგიონში თავისუფლად დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება“ - განაცხადა პომპეომ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „საქართველო ძალიან აფასებს აშშ-ის მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხანგრძლივ და ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას. აშშ-ის მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესის, საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის მიმართ უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონული სტაბილურობისთვის“. საქართველოს მთავრობის პრესცენტრის ცნობით, კვირიკაშვილი 21-23 მაისს სტუმრობს აშშ-ს და მონაწილეობს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომაში. 23 მაისს, პრემიერ-მინისტრი დაესწრება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვაშინგტონში, "შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში" გაიმართება. საქართველოს დელეგაცია ასევე მოიცავს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს, ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG