Accessibility links

საქართველო წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს


საქართველო სირიასთან წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების გამო. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ 29 მაისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „სირიის რეჟიმმა რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღო კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების და პრინციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა.“ დავით დონდუას თქმით, ამ გადაწყვეტილებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. დონდუას განცხადებითვე, ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულვებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის საერთშორისო სამართლებრივი ვალდებულება. ამის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“ - განაცხადა დავით დონდუამ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს საპასუხო ზომები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG