Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ იუსტიციის მინისტრის შეცვლას


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი

15-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა, თეა წულუკიანი დაითხოვოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან. ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მხოლოდ ახალი მინისტრის პირობებში მიიღებენ მონაწილეობას კონსულტაციებში ახალი მთავარი პროკურორის შესარჩევად. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, თეა წულუკიანმა ვერ შეძლო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება და მისი მინისტრობის პერიოდში მთავარი პროკურორი ხუთჯერ შეიცვალა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი თუკი კონსულტაციაში ჩავერთვებით მასთან. ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს. ამიტომ, კონსულტაციების მაგიდასთან არ დავუსხდებით და უარს ვამბობთ ამ პროცესში მონაწილეობაზე,"- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა. მისი თქმით, თუ მთავრობას სურს კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და რეალური ცვლილებები, საჭიროა იუსტიციის მინისტრის გადაყენება და მთავარი პროკურორის შერჩევის ინკლუზიური, გამჭვირვალე პროცესის წარმართვა. ამ პოზიციას იზიარებენ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია," "სამართლიანი არჩევნები," "ადამიანის უფლებათა ცენტრი," "კონსტიტუციის 42-ე მუხლი," "ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG