Accessibility links

მარნეულის მერის დაკავების გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პარლამენტის წევრის მიმართ


მთავარი პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, მოქალაქის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მერი, თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აზერ სულეიმანოვის მიმართ. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, ე.გ-ს მიმართაც.

პროკურატურის განცხადებით, „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 ივნისს, მოქალაქე ელჩინ ალახვერდიევი იმყოფებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერზე, თემურ აბაზოვზე განაწყენებულმა, ფეისბუქის მეშვეობით განახორციელა პირდაპირი ვიდეოჩართვა და თემურ აბაზოვის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, ღამის საათებში, მას დაუკავშირდა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რაგიმ ასკეროვი, რომელმაც თხოვა შეხვედრა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ოფისში. ოფისში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.” პროკურატურის ცნობითვე, აზერ სულეიმანოვმა ელჩინ ალახვერდიევს მოთხოვა აეხსნა, ვისი დავალებით განახორციელა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც აზერ სულეიმანოვმა, რამინ ალახვერდიევმა და მოქალაქე ე.გ-მ ელჩინ ალახვერდიევს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ კი, ელჩინ ალახვერდიევი მარნეულის საკრებულოს წევრებმა ჯეიხუნ ჩოიდაროვმა და რამინ ალახვერდიევმა წაიყვანეს ე.წ. "ჟეჟებეს" რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ ელოდებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი. პროკურატურის განცხადებით, „მისვლისთანავე თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.“

ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ თემურ აბაზოვს ემუქრება 5-დან 10 წლამდე პატიმრობა. რამინ ალახვერდიევი და მოქალაქე ე.გ. ბრალდებულნი არიან ძალადობის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით. ამავე მუხლით პარლამენტის წევრის აზერ სულეიმანოვის მიმართ გამოტანილია დადგენილება სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG