Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: შრომის უსაფრთხოება მთავრობის ხისტი პოზიციის გამო ვერ გამკაცრდა


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე წუთიერი დუმილით მიაგო პატივი ტყიბულში, მინდელის შახტში დაღუპულთა ხსოვნას. სხდომაზე გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობასთან დღესვე უნდა დაიწყოს კონსულტაციები ქმედითი ზომების მისაღებად, რათა მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. კობახიძის თქმით, შრომის უსაფრთხოების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მათ შორის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობისას, თუმცა, „მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ“ არ მისცა სწორი ზომების მიღების საშუალება. ირაკლი კობახიძემ სწორი და პრინციპული უწოდა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, შახტის დახურვის შესახებ.

პარლამენტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებმა კობახიძეს ჰკითხეს, კონკრეტულად რას გულისხმობდა შრომის უსაფრთხოების საკითხებისადმი უმრავლესობის სწორ და მთავრობის ხისტ პოზიციებში. „როდესაც ჩვენ განვიხილავდით შესაბამის მუხლს საკონსტიტუციო კომისიაში სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. კომისიას ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდა, თუმცა, მთავრობის ხელმძღვანელობამ საკმაოდ ხისტი პოზიცია დაიკავა. ჩვენ მაშინ ანგარიში გავუწიეთ, რაც, ვფიქრობ, არასწორი კომპრომისი იყო და ეს საზოგადოების მხრიდან პროტესტის მიზეზიც გახდა“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების კანონმა სტატუსი უნდა შეიცვალოს და გახდეს ორგანული კანონი, რაც გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს. კობახიძემ აღნიშნა, რომ უნდა შეიცვალის კანონის შინაარსიც. „ამაზე მუშაობა არის დაწყებული და სექტემბერში აუცილებლად იქნება მიღებული ამ კანონის ახალი ვარიანტი“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG