Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა "ღია მმართველობის პარტნიორობის" გლობალური სამიტი


საქართველოს ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება თბილისში მასპინძლობენ „ღია მმართველობის პარტნიორობის“(OGP) მეხუთე, გლობალურ სამიტს, რომელშიც მონაწილეობს ინიციატივის წევრი 75 ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი. OGP აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების მიერ 2011 წელს დაფუძნებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობებისა და სახელისუფლებო შტოების მეტ გამჭვირვალობას. საქართველო ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა, 2017 წელს კი საფრანგეთისგან გადაიბარა OGP-ს თავმჯდომარეობა. პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების მთავრობები იღებენ ვალდებულებას მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია და გახსნილი, ჩართონ ისინი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ სახელმწიფო სერვისები. OGP მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. OGP მოქალაქეებს აძლევს შანსს, ჩაერთონ ქვეყნის მართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ. საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროცესს წარმართავს და კოორდინაციას უწევს იუსტიციის სამინისტრო. პროცესში აქტიურად მონაწილეობენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

17 ივლისს, თბილისის სამიტის პირველ დღეს, სამოქალაქო საზოგადოება მსჯელობს საქართველოსთვის მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებაზე. სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობს 70-მდე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი. 12 საათიდან საქართველოს პარლამენტში დაიწყება „ღია პარლამენტის დღე“ და საერთაშორისო კონფერენცია 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენლის მონაწილეობით

2011 წლიდან, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივასთან შეერთების შემდეგ, საქართველომ შეიმუშავა სამი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან ვალდებულებებს კორუფციასთან ბრძოლის, გამჭვირვალობის, საჯარო სერვისების ეფექტიანობის და მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის კუთხით. 17-19 ივლისს, თბილისის გლობალურ სამიტზე საქართველო წარმოადგენს მეოთხე სამოქმედო გეგმას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG