Accessibility links

თბილისის მერიამ წარმოადგინა სატრანსპორტო პოლიტიკის პრიორიტეტები


თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართა დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაცია. „ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით და ტრანსპორტს ამ მიმართულებით, განსაკუთრებული როლი აქვს“ - განაცხადა კალაძემ. მისი ინფორმაციით, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები, რომლის შედეგად თბილისი საცობებისგან მაქსიმალურად უნდა განიტვირთოს და მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. კახა კალაძის განმარტებით, პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი მოხმარების ზრდა და პარალელურად, კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირება. თბილისის მერის განცხადებით, დღეს ავტოპარკში სჭარბობს ყვითელი ავტობუსების რაოდენობა, მაგრამ 2019 წლიდან ისინი მთლიანად შეიცვლება ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსებით. კალაძის თქმით, თბილისის ავტოპარკის შეცვლას საკმაოდ დიდი თანხა სჭირდება, ამიტომ დედაქალაქის მთავრობას საქართველოს ცენტრალური მთავრობა დაეხმარება. მერის ინფორმაციით, 2020 წლისთვის იგეგმება ახალი ავტობუსების რაოდენობის 900 ერთეულამდე გაზრდა. 2019 წელს განახლდება მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები და მოხდება მათი სინქრონიზაცია, რის შედეგადაც ოპტიმალურად განაწილდება მგზავრთა ნაკადები და გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.

2021 წლამდე რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე და მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე მოეწყობა ავტობუსის ზოლები, ხოლო 2019-2021 წლებში მეტროს დაემატება 12 ახალი შემადგენლობა. ავტობუსებისა და მეტროს განვითარების პარალელურად იგეგმება მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი სრულად განახლება.

2018 წლიდან სავალდებულო ხდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლიდან რეგულირება შეეხება მარჯვენასაჭიან, ორკარიან და განსხვავებული ფერის ტაქსებს.

2019 წლის პირველი ნახევრიდან თბილისის რამდენიმე ცენტრალურ უბანში ამოქმედდება პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის საპილოტე პროგრამა. მიზნად დასახელებულია სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური მართვა. ამავე მიზნით, იგეგმება ნაკადების მართვის „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება, რაც გულისხმობს „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით მონაცემების შეგროვებას, სატრანსპორტო ნაკადების უკეთეს გადანაწილებასა და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაციას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG