Accessibility links

„ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე


საქართველის მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, არ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატის წარდგენას და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვეტს, ვის დაუჭერს მხარს, რაც ყველა კანდიდატურა დასახელდება. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ. თალაკვაძის აზრით, „ახალი კონსტიტუციის პირობებში, კანდიდატი, რომელიც არც ერთი პარტიის მიერ არ იქნება წარდგენილი, უფრო ეფექტურად შეასრულებს საპრეზიდენტო ფუნქციებს“. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, არ წამოაყენოს თავისი კანდიდატი, „დიდ წვლილს შეიტანს ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის სწორი ტრადიციის ჩამოყალიბებასა და საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებაში“. ეს მოსაზრებები მანაც მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ გამართა. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი თავის კანდიდატურას დააყენებს 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ჟურნალისტების შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს მის კანდიდატურას „ქართული ოცნება,“ ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ამ პარტიის ნაცვლად ვერ ისაუბრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG