დღეს, 22 აგვისტოს, ძალაში შედის რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სანქციების პირველი ნაწილი, რომელიც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობის გამო იქნა მიღებული.
ვაშინგტონში სჯერათ, რომ რუსეთმა დაარღვია 1991 წლის ამერიკული კანონი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და მისი სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვის შესახებ.
სანქციებით, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 აგვისტოს მიიღო, რუსეთში იკრძალება იმ საქონლის შეტანა, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების სფეროსა და ენერგეტიკის სფეროში გამოიყენება.
თუ რუსეთი ქიმიური იარაღის სფეროში საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობაზე უარს განაცხადებს, სამი თვის შემდეგ სანქციების მეორე რაუნდი ამოქმედდება. კერძოდ, აიკრძალება აშშ-ში „აეროფლოტის“ ფრენები და მინიმუმამდე შემცირდება ორმხრივი ვაჭრობა.
რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, დენის მანტუროვმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ახალი სანქციები უეჭველად დააზარალებს გარკვეულ მაღალტექნოლოგიურ სფეროებს, მათ შორის თავდაცვის სამრეწველო კომპლექსს, თუმცა „ კრიტიკული არ არის“.