Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პოლიცია არ ადასტურებს "ნოვიჩოკით" მოწამვლის ახალ შემთხვევას

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ არ დაადასტურა, რომ ქალაქ სოლსბერის ერთ-ერთ რესტორანში ორი ადამიანის შეუძლოდ გახდომის მიზეზი მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკი“ იყო. 16 სექტემბერს საღამოს, პოლიციამ სოლსბერის ცენტრში მდებარე რესტორანი Prezzo და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა, მას შემდეგ, რაც რესტორანში ვახშმობისას შეუძლოდ გახდნენ ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი. ისინი მოწამვლის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დიაგნოზი ჯერჯერობით უცნობია.

2018 წლის მარტში, სოლსბერიში მოწამლეს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, რომელთა გამოჯანმრთელებას რამდენიმე თვე დასჭირდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სკრიპალები მოწამლეს საბჭოთა წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით.“ ამავე ნივთიერების ნარჩენებით ზაფუხლში მოიწამლნენ სოლსბერის მახლობლად მცხოვრები დონ სტერჯესი და ჩარლი როული. ექიმებმა სტერჯესის გადარჩენა ვერ შეძლეს.

სექტემბრის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ სკრიპალები „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ ალექსანდრ პეტროვის და რუსლან ბოშიროვის სახელზე გაცემული პასპორტებით. რუსეთი აცხადებს, რომ პეტროვი და ბოშიროვი სამოქალაქო პირები არიან და სოლსბერიში ტურისტებად იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG