Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორელი აქტივისტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს დახმარებას თხოვს


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა, რომლის წინააღმდეგ დე ფაქტო პროკურატურაში რამდენიმე საქმეა აღძრული, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს საჯაროდ მიმართა დახმარების თხოვნით.

„გამარჯობა, ბატონო მამუკა. მე თამარ მეარაყიშვილი ვარ. სამოქალაქო აქტივისტი. ალბათ, ჩემზე არც კი გსმენიათ - წელიწადი და ორი თვეა ფაქტობრივად ტყვეობაში ვარ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურა მდევნის - სისხლის სამართლის 3 სხვადასხვა მუხლით მასამართლებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი წელი ციხე მელის. ერთი წელია სასამართლო პროცესებზე დავდივარ ცხინვალში. როგორ ვახერხებ ამას? ჩემი ოჯახი, მეგობრები და უცნობი ადამიანები მეხმარებიან. მეორე ზამთარი დაიწყება ჩემთვის ამ მდგომარეობაში და გადავწყვიტე საჯაროდ გთხოვოთ დახმარება - შეშა გასათბობად, ელექტროენერგიის გადასახადი, ფქვილი, შაქარი, წნევის აპარატი და ყურადღება მჭირდება მეც და ჩემ ოჯახსაც. იმედს ვიტოვებ, რომ გამომეხმაურებით ან საჯაროდ მიპასუხებთ, რა დანაშაულის გამო მაიგნორებთ?“ - დაწერა თამარ მეარაყიშვილმა ფეისბუქის გვერდზე.

ახალგორელ სამოქალაქ აქტივისტს, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს, ადგილობრივი პროკურატურა ბრალად სდებს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ. თამარ მეარაყიშვილს, რომელიც ყველა ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, აკრძალული აქვს ოკუპირებული რეგიონის დატოვება. წელს ივლისში, თამარ მეარაყიშვილი ერთი კვირის განმავლობაში შიმშილობდა მისი უფლებების ხელყოფისადმი პროტესტის ნიშნად და სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან თანადგომის მოსაპოვებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG