Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში 17 წლის გოგო უცნობმა კაცებმა გაიტაცეს


„გოგო პირდაპირ სახლიდან, თავისი ოთახიდან გაიტაცა ორმა უცნობმა კაცმა. ამბობენ, რომ ოჯახის შექმნის მიზნითო, მაგრამ ჩვენ კეტეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამას და ჩვენი ბრძოლით მივცემთ მაგალითს ყველა გატაცებული გოგოს ნათესავებს, რომ არ შეიძლება ასეთ ფაქტებთან შეგუება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეთნიკურად აზერბაიჯანელი 17 წლის გოგოს ბიძამ, კაზანფარ მამედოვმა.

მამედოვის მონათხრობის თანახმად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მკვიდრი 17 წლის გოგო 12 ოქტომბერს, საღამოს გაიტაცეს. ის სკოლიდან ახალი მოსული იყო, როდესაც ორმა მამაკაცმა ის ძალის გამოყენებით გაათრია სახლიდან და ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. ამ ეტაპზე ოჯახმა იცის მხოლოდ ის, რომ გამტაცებელთაგან ერთ-ერთი დაახლოვებით 22 წლის არის და იმავე სოფელში ცხოვრობს, ხოლო მეორე დაახლოვებით 25 წლის არის და მეზობელი სოფლის მკვიდრია. ეს ინფორმაცია ოჯახმა საქმეში პოლიციის ჩართვის შემდეგ გაარკვია, თუმცა გატაცების ზუსტი მიზანი ჯერ ისევ უცნობია. ნათესავების განმარტებით, გატაცებულ გოგოს მანამდე არანაირი კავშირი არ ჰქონდა გამტაცებლებთან და ჯერ არც ის არის ცნობილი, ვის საცოლედ მოიტაცეს არასრულწლოვანი გოგო, თუკი ასეთი ჩანაფიქრი იყო.

„არ ვაპირებთ, რომ გოგო გავათხოვოთ. ბავშვი სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს უკან, ძალიან კარგად სწავლობდა და სწავლა უნდა გააგრძელოს. დახმარებას ვთხოვთ ყველას იმ მითის დანგრევაში, რომ მომავალ ქმარს მოტაცება შერჩება და მოტაცების მერე მხარეები მაინც შერიგდებიან. ჩვენ მათ უმკაცრესად დასჯას ვითხოვთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კაზანფარ მამედოვი და დახმარების თხოვნით მიმართავს ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურას.

საქმეში თავიდანვე ჩაერთო კავშირი „საფარი“. როგორც ორგანიზაციის იურისტმა, ელისო რუხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მათ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ყველა შესაბამის სახელმწიფო სრუქტურას და მათ შორის - ომბუდსმენის აპარატსაც. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს. ჯერჯერობით გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლით კი არის დაწყებული, მაგრამ თუკი გოგოს პოვნის შემდეგ ექსპერტიზა ჩატარდება და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთება, შესაძლოა გამტაცებლებს სხვა ბრალდებაც წაუყენონ“, - განაცხადა ელისო რუხაძემ.

როგორც შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში აცნობეს რადიო თავისუფლებას, საქმე აღძრულია სს კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტის მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 10-წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG