Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამგორიდან ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურების მშენებლობა იგეგმება


შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, მეტროს სადგურ "სამგორიდან" ლილოს მიმართულებით ახალი სადგურები აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა ინიციატივის, „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე.

„ჩემი მთავარი ხედვა გახლდათ, რომ გაგვეკეთებინა სწორედ ის, რაც გააკეთა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ წარმატებით - მოგვეხდინა რკინიგზის და მეტროს ინტეგრირება ყველაზე ეფექტური საშუალებით“ - თქვა ბახტაძემ. მისი ინფორმაციით, მომავალში შესაძლოა, მეტროს სისტემას დაუკავშირდეს ქალაქი რუსთავიც.

„დღეს ჩვენ ვაანონსებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს. შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში. ამასთან ერთად, თბილისის აგლომერაცია ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით თბილისის მეტროს მოვაბათ. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით სამგორი-ლილოს, სამგორი -აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის ფარგლებში, 8 ახალი სადგური აშენდება და ხაზი 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. პროექტის განხორციელებას 2019 წლის ბოლოდან დაიწყებს თბილისის მერია, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით.

„დაიწყება თბილისში ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით და ასევე სამგორი-აეროპორტი, აეროპორტი-სამგორის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი. დაახლოებით, 8 ახალი სადგური აშენდება ამ პროექტის ფარგლებში, დაიხარჯება 90 მილიონი დოლარი, აქედან 30 მილიონამდე არის მხოლოდ მეტროს ვაგონების ღირებულება, დანარჩენი კი, ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება. პირველ ეტაპზე ამ მიმართულებით 6 სრულიად ახალი მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს და მოცდის შუალედი პირველ ეტაპზე 10 წუთი იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, მომდევნო წლებში ჩვენ ვაგონების რაოდენობას გავზრდით და მოცდის დროს შევამცირებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

XS
SM
MD
LG