Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს, რომ მოიშალოს ეს საოკუპაციო ხაზი


„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სოფელ ატოცში ჩავიდა და ის ტერიტორია მოინახულა, სადაც 7 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის გავლება დაიწყეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა სოფლის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების ნაწილი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს არის ის პროცესი, რასაც არ შეიძლება შეეგუოს ქვეყანა: „ეს არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკივილი, ეს არის ის, რაზეც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა, რათა ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს ტერიტორია. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელიც აქ ცხოვრობს, რომლებსაც არ აქვთ პირობები, რომ მშვიდად იმუშაონ და იცხოვრონ. პრეზიდენტი, როგორც მთავარსარდალი უნდა ზრუნავდეს საზღვარზე, და უნდა ზრუნავდეს ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე“.

ე.წ. საზღვართან იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებმაც პრეზიდენტობის კანდიდატს უთხრეს, რომ მას არ აქვს საოკუპაციო ხაზთან მისვლის უფლება და კიდევ ერთხელ დაუსვეს კითხვა, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. სალომე ზურაბიშვილმა ამ კითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ ის ჩავიდა სოფელ ატოცში იმისათვის, რომ ილაპარაკოს მის გეგმებზე: „მე ვარ ჩამოსული იმისათვის, რომ ვილაპარაკო იმაზე, თუ როგორი პრეზიდენტი ვიქნები, რომელიც არ დაუშვებს, რომ ჩვენ ავყვეთ პროვოკაციებს და დავიცავთ მოქალაქეებს. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რათა გავაძლიეროთ უსაფრთხოება საოკუპაციო ხაზზე, რათა არ გადაიქცეს ეს საზღვრად“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG