თბილისში, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და მათ მხარდასაჭერად ჩამოსულმა რამდენიმე ათეულმა პანკისელმა. მათთან ერთად იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე. აქციაზე კიდევ ერთხელ მოითხოვეს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავეების, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დასჯა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა გოგაშვილს უწოდეს ნაძირალა და მხეცი.
„ვინც იმყოფებით ამ შენობაში, თქვენ ხართ მხდალები. ის კაცობა არ გყოფნით, გამოხვიდეთ და თქვენი დანაშაული აღიაროთ“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. მისი თქმით, დღეიდან პანკისელების პროტესტი სხვა ფორმებს მიიღებს. მაჩალიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მიმართა, დასაჯოს „ყველა მხეცი, ვინც პანკისის ხეობაში ჩაატარა ტერორისტული აქტი“ და მოკლა მისი მძინარე შვილი.