თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე. 2018 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალაია დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წამების ჯგუფურად ორგანიზებასა და წამებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წელს ბაჩანა ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, მეგის ქარდავასა და მე-8 საპყრობილის დირექტორთან, ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა, „წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულო მოქალაქეთა წამებით მიეღო აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ჯაშუშური ჯგუფის არსებობის შესახებ“ და მათ შორის აღმოჩნდა თადარიგის პოლკოვნიკი, სერგო თეთრაძე, რომელმაც სასტიკად ცემის მიუხედავად ბრალი არ აღიარა, რის შემდეგაც ბაჩანა ახალაიამ ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას. პროკურატურის ცნობითვე, 2011 წლის 23 სექტემბერს, სერგო თეთრაძე წამებისას ცუდად გახდა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონს მოუსვლელად. ამავე საქმეზე ქარდავას და მუხაძესაც მისჯილი აქვთ 9 წლით პატიმრობა.