Accessibility links

სააკაშვილი "ებრაელ აფერისტს" უწოდებს პიარის ისრაელელ სპეციალისტს


ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ" მოიხსენია პიარის ისრაელელი სპეციალისტი, მოშე კლუგჰაფტი, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, არჩევნების მეორე ტურის წინ ქართულ ოცნებას ეხმარება და რომლის შესახებაც ამ ტელეარხმა სიუჟეტიც მოამზადა. "აგერ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს, მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას” – თქვა მან. “რუსთავი2”-ის სიუჟეტში კლუგჰაფტი დახასიათებულია “შავი პიარის და ყალბი ახალი ამბების მსოფლიოში ცნობილ სპეციალისტად”. ტელეკომპანიის ცნობით, ის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ისრაელსა და ავსტრიაში ჩატარებული არჩევნების წინ კონკრეტულ პარტიებთან თანამშრომლობდა. მანამდე სააკაშვილმა კლუგჰაფტის შესახებ ფეისბუქზე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც სპეციალისტი “ისრაელელ აფერისტად” მოიხსენია და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” მის წინააღმდეგ კამპანიას სწორედ მოშე კლუგჰაფტთან ერთად ახორციელებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სააკაშვილი ცნება "აფერისტს" აკავშირებს "ებრაელთან". მაისში ასევე რუსთავი 2-თან საუბარში მან “აფერისტ რუს ებრაელად” მოიხსენია “ქართული ოცნების" წევრი შოთა შალელაშვილი, რის გამოც შალელაშვილმა ექსპრეზიდენტი ანტისემიტიზმსა და რასიზმში დაადანაშაულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG