საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, „ქართული ოცნების“ მიერ მხარადჭერილი სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და მის ღირებულებებს. ჟურნალისტებმა ზურაბიშვილს კომენტარი თხოვეს სააკაშვილის განცხადებაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პიარისთვის ჩამოიყვანა „ებრაელი აფერისტი.“
„ასეთი გამოთქმები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ ანტისემიტურ გამოთქმებში ჯდება, რაც საქართველოს არასოდეს ახასიათებდა. საქართველო მსოფლიოში ყოველთვის ცნობილი იყო იმით, რომ აქ ანტისემიტიზმი არასდროს არსებობდა. ეს არის შეურაცხყოფა საქართველოსი, ქართული ღირსების, ღირებულებებისა და მიუღებელია“ - უთხრა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.
18 ნოემბერს, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშედ" მოიხსენია პიარის სპეციალისტი, მოშე კლუგჰაფტი, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ დახმარებას უწევს „ქართულ ოცნებას“ და მისგან მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.