Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პური გაძვირდა


საქართველოში პური 5-10 თეთრთ გაძვირდა. პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, რომ ზაფხულის პერიოდთან შედარებით ერთი ტომარა ფქვილის ფასმა 32%-ით მოიმატა და დღეს 47-50 ლარი ღირს. „გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით, პურის შეფუთვა უნდა მოხდეს ქაღალდის პარკში, რაც ასევე აძვირებს პურის თვითღირებულებას“ - განაცხადა დოლიძემ. პურის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირებით ახსნეს კომპანია „იფქლში,“ რომლის მიერ წარმოებული პური დღეიდან 10 თეთრით გაძვირდა. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხორბლის ფასი და შესაბამისად, პურისთვის საჭირო ფქვილის ფასი, მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ცვლილებები შეეხო ქართველ მწარმოებლებსაც. „რამდენიმე თვის განმავლობაში „იფქლი“ ფქვილის არსებული მარაგებისა და კომპანიის რესურსის ხარჯზე პურეულზე უცვლელ ფასს ინარჩუნებდა. ხორბალსა და ფქვილზე ფასის ზრდის ბოლოდროინდელმა ტენდენციამ კი კომპანია იძულებული გახადა ბაზარზე პურის საფასო პოლიტიკისათვის გადაეხედა“, - უთხრეს კომპანიაში სააგენტო „ბიზნესპრესნიუსს.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG