„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია დღეს ბიუროს მიმართავს ოფიციალური განცხადებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ბესელიამ 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს. როგორც ეკა ბესელიამ თქვა, ამ გადაწყვეტილებით შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი და გადაწყვეტილება მიიღო იმისთვის, რომ საზოგადოებას მიეცეს საშუალება იხილოს გამჭვირვალე პროცესი და იყოს ჩართული მოსამართლეებად მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და შერჩევაში. 27 დეკემბერს, ბესელიას ბრიფინგიდან ცნობილი გახდა ისიც, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა ვანო ზარდიაშვილმა.
24 დეკემბერს, იუსტიციის საბჭომ პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატი: მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. კანდიდატთა სიას და მათი შერჩევის პროცედურას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საბჭოს არამოსამართლე წევრების, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციის და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან. 26 დეკემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.