უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი შეჩერდა. მოსალოდნელმა რეფორმებმა სასამართლო სისტემაში - რომელსაც მოსახლეობის მხოლოდ 24% ენდობა - შესაძლოა, კარი ახალ სახეებს გაუღოს.

კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28 მოსამართლე უნდა შედიოდეს. ახლა კი იქ ასობით საქმე და მხოლოდ 11 მოსამართლეა. სასამართლოში ვაკანტური ადგილების შესავსებად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 10-კაციანი სია მმართველ პარტიაში დაპირისპირების საგანი გახდა.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების, გამჭვირვალე პროცედურების შემოღებასა და ახალი სიის წარდგენას მოითხოვენ.


ათკაციანი სია: ვინ წარადგინეს უზენაეს სასამართლოში?

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია 10 მოსამართლე: მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

როგორ ირჩევენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგენითამტკიცებს პარლამენტის უმრავლესობა. მოსამართლეთა შერჩევისა თუ მათი კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმები და პროცედურა არ არსებობს.

რატომ გადაიდო მოსამართლეების სიის განხილვა?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიას ძირითადად სამი მიზეზით იწუნებენ:

მიზეზი 1 - არ არსებობს კრიტერიუმები, რომლითაც კანდიდატები შეირჩა:

რა ნიშნით გამოარჩია საბჭომ 10 კანდიდატი დანარჩენი 300-მდე მოსამართლისგან, გაურკვეველია.

მიზეზი 2 - კანდიდატები დახურულ კარს მიღმა, “კლანური” პრინციპებით შეარჩიეს:

მთავარი ფიგურა, რომელიც სიის მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეა. ჩინჩალაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურორად, მოსამართლედ, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ; მიღებული აქვს ღირსების ორდენი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან.

საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, ჩინჩალაძემ 10 წლის მანძილზე სულ 250 საქმე განიხილა, რაშიც მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურება მიიღო, იმ დროს როდესაც უზენაესი სასამრთლოს სხვა მოსამართლეები წელიწადში საშუალოდ 140-მდე საქმეს განიხილავენ.

კრიტიკოსების აზრით, კანდიდატების უმრავლესობა, “ჩინჩალაძის კლანის” წევრია და მათი დანიშვნა უზენაეს სასამართლოს მიხეილ ჩინჩალაძის გავლენის ქვეშ მოაქცევს.

მიზეზი 3 - კანდიდატები ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ემსახურებოდნენ:

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ სიას მოწინააღმდეგეები მმართველ პარტიაშიც ჰყავს. ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს, გედევან ფოფხაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს მიაჩნიათ, რომ წარდგენილი მოსამართლეები მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის “რეჟიმს” ემსახურებოდნენ და მათი დანიშვნა უზენაეს სასამართლოში არ შეიძლება.

“თუ ეს სია დამტკიცდება, მე ძალიან გავბრაზდები… ავიფეთქო თავი პარლამენტში, შეიძლება, ტროტილით მივიდე”, - თქვა გედევან ფოფხაძემ.

რა ხდება ქართულ ოცნებაში?

იურიდიული კომიტეტი - სადაც მოსამართლეების კანდიდატთა სია პირველ რიგში უნდა განხილულიყო - თავდაპირველად დატოვა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა.

ზარდიაშვილს - რომელიც მიხეილ ჩინჩალაძის მეგობარი, მეჯვარე და ნათელ-მირონია - პარლამენტში ჩინჩალაძისა და მისი “კლანის” ლობისტად ასახელებს ანა დოლიძე სტუდია მონიტორის საგამოძიებო ფილმში. ამ ვარაუდს განამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ეკა ბესელიამ თანამდებობა მხოლოდ ზარდიაშვილის წასვლის შემდეგ დატოვა და თქვა, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას ზარდიაშვილს ვერ დაუტოვებდა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, ეკა ბესელიამ თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე სამი კანდიდატი, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და რუსლან პოღოსიანი წარადგინა. ამათგან ორს - ფოფხაძესა და გოგიჩაიშვილს - საჯაროდ აქვთ დაფიქსირებული, რომ მოსამართლეთა სიას მხარს არ უჭერენ. პოზიციაზე გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ბესელიას თანაპარტიელებმა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და ფოფხაძეც გამოიწვიეს.

რეგლამენტში კი წერია: “კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს.”

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ - კონკრეტული სახელების დასახელების გარეშე - თანაგუნდელები გააფრთხილა და თქვა: “არავის ვურჩევ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, თუ გუნდის საზიანო ნაბიჯები გადაიდგმება, ამას პასუხი გაეცემაო.”

რას თქვა ბიძინა ივანიშვილმა?

ქართული ოცნების თავმჯდომარისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, მოსამართლეების არჩევის საკითხის გადავადებით, მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება. ივანიშვილმა ოცნებაში დაპირისპირება “გუნდურობის დეფიციტით” ახსნა და ეკა ბესელიას “გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ” წასვლისთვის უსაყვედურა.

რა მოხდება ახლა?

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის გაწვევა სამართლებრივად შეუძლებელია. ამასთან, კობახიძის თქმით, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე და პროცედურაზე მუშაობა დაიწყება, ამას “ალტერნატივა არ აქვს” და ახალ რეგულაციებს წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება.

ოპოზიციური ევროპული საქართველო კი სიის რეზოლუციით გაწვევას მოითხოვს.

ერთადერთი დეტალური ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ეკუთვნით. ამ გეგმით:

  • შეიქმნება საკონსულტაციო ჯგუფი, რომელსაც უზენაესის მოსამართლეები, ომბუდსმენის, ადვოკატთა ასოციაციისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების გაერთიანების წევრებით დაკომპლექტდება;
  • კანდიდატურების შერჩევის მიზნით გამოცხადდება კონკურსი;
  • ჩატარდება ღია გასაუბრება;
  • ინტერესთა კონფლიქტის გამო, კანდიდატს აეკრძალება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა;
  • გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, იუსტიციის საბჭოს თითოეული წევრის თანხმობით.

სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღა

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მართლმსაჯულების სფეროში არაერთი რამ შეიცვალა: გაუმჯობესდა სასამართლოების ფინანსური, მატერიალური, ტექნიკური რესურსები, შეიქმნა მოსამართლეების გამოცდების და გადამზადების სისტემა, გაიზარდა მოსამართლეთა ანაზღაურება.

პირველი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმა 2013 წლის 1 მაისს მოხდა. მას მართლმსაჯულების რეფორმის “პირველი ტალღას” უწოდებენ. რეფორმის შედეგად:

  • შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი: დეპუტატების ნაცვლად, პარლამენტი საბჭოში კონკურსის საფუძველზე შერჩეული პოლიტიკურად ნეიტრალური პირებს ირჩევს. კანდიდატების წარდგენის უფლება მიენიჭათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ადვოკატთა ასოციაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • გაიზრდა მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს, მოსამართლეთა კონფერენციის როლი: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევი კანდიდატების დასახელების უფლება მიენიჭა კონფერენციას თითოეულ წევრს;
  • გაიზარდა სასამართლო სხდომების საჯაროობა: სასამართლოებს სხდომების აუდიო/ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნის შემთხვევაში მხარეებისთვის გადაცემა დაევალა.

რეფორმის “მეორე ტალღა” 2014 წლის 1 აგვისტოს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გულისხმობს:

  • ძალაში შევიდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ზოგადი წესი;
  • მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნამდე, კანონით, ყველა მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით ინიშნება;
  • დეტალურად განისაზღვრა გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების წესი.

2016 წლის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა “მესამე ტალღა”, რომლითაც:

  • დაინერგა საქმეთა ელექტრონული წესით განაწილება;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდა 28-მდე;
  • გაუქმდა უზენაესი სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეთა მოადგილეების პოსტები;
  • სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებს მოსამართლეები აირჩევენ და მათ აღარ ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ახლა პარლამენტი განიხილავს მართლმსაჯულების რეფორმის “მეოთხე ტალღის” ცვლილებებს. ინიციატორების განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებები საქმეთა განხილვის გაჭიანურებასა და მოსამართლეების გადატვირთულობის პრობლემებს მოაგვარებს.