Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები ორი ფორმატით გაიწერება


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიისთვის გადადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილება იყო.

„ეს იყო რეალური სურათი“ - უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას განცხადების საპასუხოდ, რომ საკითხის განხილვის გადადება და საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადადგომის შედეგია.

რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურას და კრიტერიუმებს, კობახიძის თქმით, ეს გაიწერება სამუშაო ჯგუფის და საპარლამენტო ფორმატებით

„ამ ფორმატებში ჩვენ გვექნება მსჯელობა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და ამ დიალოგის საფუძველზე შევჯერდებით პროცედურაზე და კრიტერიუმებზე, რასაც ბუნებრივია, ალტერნატივა არ აქვს. ეს არის საუკეთესო გადაწყვეტა იმ საკითხისა, რაზეც ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, „სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაზუსტდება და განისაზღვრება იმავე პრინციპების შესაბამისად, რომლის საფუძველზეც ეს შემადგენლობა თავიდანვე განისაზღვრა.“ კობახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა კოლეგებთან თანამშრომლობის საფუძველზე, დაკონკრეტდება. ჟურნალისტების შეკითხვას, იქნება თუ არა სამუშაო ჯგუფში ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა დიალოგის შედეგად გადაწყდება

„იქნება კონკრეტული დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან. ამ ფორმატში ასევე ჩართულნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, სხვა სუბიექტები, სამივე შტო ხელისუფლების და ამის საფუძველზე გადაწყდება, თუ ვინ იქნება პერსონალურად ჩართული სამუშაო ჯგუფის მუშაობაში“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. .

XS
SM
MD
LG