Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გედევან ფოფხაძე აირჩიეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ


გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას გედევან ფოფხაძე დაიკავებს. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პირველი მოადგილის პოსტზე წარადგინა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, გედევან ფოფხაძის, რუსლან პოღოსიანის და ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურები. პირველსავე ტურში თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევას სჭირდებოდა 17 წევრიანი კომიტეტის ხმათა უმრავლესობა, თუმცა ფოფხაძემ მხოლოდ 6 ხმა მიიღო, გოგიჩაიშვილმა 5 და პოღოსიანმა 1. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ჩატარდა მეორე ტური, რომელშიც გედევან ფოფხაძემ 7 ხმა მიიღო, ლევან გოგიჩაიშვილმა კი 2. შესაბამისად, კომიტეტმა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია. კენჭისყრამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნებიდან“ დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელიას მიერ სამი კანდიდატურის დასახელება რეგლამენტის დარღვევა იყო, რადგან კომიტეტის დღის წესრიგში იყო მხოლოდ გედევან ფოფხაძის არჩევის საკითხი. თავის მხრივ, ეკა ბესელიამ განმარტა, რომ პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლით ასეთი აკრძალვა არ არსებობს და წერია, რომ შესაძლებელია იყოს ორზე მეტი კანდიდატი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას ვანო ზარდიაშვილი იკავებდა. მისი გადადგომის შესახებ ცნობილი გახდა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ 27 დეკემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, როცა ბესელიამ გამოაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ამ გადაწყვეტილებით, როგორც ეკა ბესელიამ თქვა, შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი. ერთი დღით ადრე, 26 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო იუსტიციის საბჭოს მიერ 24 დეკემბერს წარდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატურის განხილვა. შესაბამისად, ეკა ბესელიას მოუწია იმის განმარტება, თუ რატომ გამოაცხადა გადადგომის გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკითხის განხილვა გადადო. „მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს“ - განაცხადა ეკა ბესელიამ 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

XS
SM
MD
LG