Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში მიიჩნევენ, რომ გედევან ფოფხაძის არჩევისას პროცედურა დაირღვა


საქართველოს პარლამენტის ბიურომ ცნობად მიიღო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევის შესახებ. ამასთან, უმრავლესობის წევრთა ნაწილი მიჩნევს, რომ პროცედურა დაირღვა. „ბატონი გედი როდესაც შემხვდა დღეს მივულოცე მას თავმჯდომარის პირველი მოადგილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდი, რომ გარკვეულ პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი,“- განაცხადა ბიუროს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა. მისი განმარტებით, რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევისას სამი კანდიდატურის დასახელება. კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა სამი კანდიდატი, გედევან ფოფხაძე, რუსლან პოღოსიანი და ლევან გოგიჩაიშვილი, რომელთაგან ყველაზე მეტი ხმა ფოფხაძემ მიიღო

„თეორიულად ის ვერსია, რა ვერსიითაც დღეს კომიტეტმა აირჩია პირველი მოადგილე, ეს განვითარება შეიძლება შეეხოს იმ მოადგილეს, რომელიც ოპოზიციის კვოტით სახელდება. იმიტომ, რომ ოპოზიციის შემთხვევაში სუბიექტები არიან უმცირესობა და ის ფრაქციები, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში და უმცირესობაში. თეორიულად შეიძლება ასეთ შემთხვევაში რამდენიმე კანდიდატი დასახელდეს და იქ მეორე ტურიც მოეწყოს და ასე შემდგომ. ანუ, იმ ლოგიკით განვითარდეს ყველაფერი, როგორც ეს მოხდა დღეს. თუმცა ჩემი აზრი, არის ის, რომ როდესაც თავმჯდომარის პირველ მოადგილეზეა საუბარი, ასეთ შემთხვევაში ხდება ერთი კანდიდატურის დასახელება. ეს ლოგიკურიცაა, იმიტომ, რომ თავმჯდომარის პრეროგატივაა, მისი დისკრეციაა პირველი მოადგილის კანდიდატურის შეთავაზება კომიტეტისთვის“- განაცხადა გიორგი კახიანმა. მისივე თქმით, ეს კომენტარი ვერ იქნება კომიტეტის გადაწყვეტილების მიმართ სამართლებრივი შედეგის მატარებელი. გიორგი კახიანის განმარტება გაიზიარა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი განცხადებით, სამწუხარო, მაგრამ შემდგარი ფაქტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის რეგლამენტის დარღვევით არჩევა, მაგრამ ბიურო უფლებამოსილი არ არის ეს საკითხი სამართლებრივად შეაფასოს.

XS
SM
MD
LG