Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია: ზარდიაშვილს ვერ დავუტოვებდი კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ განმარტა, თუ რატომ დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს და არა გუშინ. „მე ველოდებოდი და დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს“ - განაცხადა პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ეკა ბესელიამ. "ქართული ოცნების" დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ეკა ბესელიამ იმედი გამოთქვა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი შეარჩევს და პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას თავმჯდომარეობის ისეთ კანდიდატზე, რომელიც დაიცავს პრინციპებს, იქნება შეუვალი, სამართლიანი და ფასეულობების დამცველი.

„მაღალი რეპუტაციის მქონე მოსამართლეების შერჩევა უვადოდ და ამ პროცესის გამჭვირვალედ, საზოგადოების ფართო მონაწილოებით წარმართვა არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენი დაპირება და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი. ეს არის ჩვენი შვილების მომავალი" - განაცხადა ეკა ბესელიამ. ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან დღეს გადადგა და როგორც თავად განმარტა, ამ გადაწყვეტილებით გუშინ შეაჩერეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი, გაუმართლებელი და საზიანო პროცესი.

24 დეკემბერს, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა შეარჩიეს და პარლამენტს წარუდგინეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატი: მიხეილ ჩინჩალაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. კანდიდატთა სიას და მათი შერჩევის პროცედურას მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა საბჭოს არამოსამართლე წევრების, არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციის და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ნაწილის მხრიდან. 26 დეკემბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG