Accessibility links

სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან


2019 წლის სექტემბრამდე სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით. ეს გადაწყვეტილება „უსაფრთხო სკოლის“ პროექტის ფარგლებში იქნა მიღებული.

პროექტის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1 300 მოქმედი მანდატური, რომელსაც შსს-სა და განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი სასწავლო მოდული არ გაუვლია. ამის შესახებ განაცხადა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე. როგორც შეხვედრაზე ითქვა, პროექტის ფარგლებში გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება (მაგალითად, სკოლის დირექტორის მოადგილეების), სადაც მანდატური არ არის და მისი შეყვანა მოგვიანებით იგეგმება.

გელა გელაძის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ანაზღაურებაც.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირების მიზნით სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ინტერნეტ-პორტალი www.befriend.mes.gov.ge, რომელიც წლის განმავლობაში საბოლოო სახეს მიიღებს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფსიქოლოგის კონსულტაცია როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურის სამსახური წარმოდგენილია 458 სკოლაში და სულ დასაქმებულია 1 300 მანდატური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG