Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან საქართველოს ექვსი მოქალაქე გამოაძევეს, ისინი წლებია იქ ცხოვრობდნენ


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების გაძევების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა სპეციალური ღონისძიება ჩაატარა რესპუბლიკაში უცხოელი მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის აღკვეთის კუთხით. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში 22-24 იანვარს უწყებამ აზერბაიჯანული წარმომავლობის საქართველოს 6 მოქალაქე გამოავლინა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყნიდან გააძევა. ისინი სამხრეთ ოსეთში არაკანონიერად ცხოვრობდნენ და ვაჭრობით იყვნენ დაკავებული“ - ნათქვამია განცხადებაში.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეები ცხინვალში ოთხი წლის წინ იმ დროს გამოჩნდნენ, როცა ქალაქში სოფლის მეურნეობის პროდუქტების დეფიციტი იყო. ისინი ძირითადად მწვანილით და სხვა ბოსტნეულით ვაჭრობდნენ. მარნეულის მუნიციპალიტეტში მოყვანილი მწვანილი კი საკმაოდ დიდ გზას გადიოდა. ამ მოქალაქეებმა ჯერ რუსეთის ფედერაციის ვიზები აიღეს და ლარსის და ვლადიკავკაზის გავლით ცხინვალში ჩავიდნენ და იქ დამკვიდრდნენ კიდეც. 4 წლის განმავლობაში ისინი უპრობლემოდ ვაჭრობდნენ და მყიდველიც ყოველთვის ჰყავდათ. ჩვენი წყაროს ვარაუდით, მათ ადგილობრივ ძალოვან უწყებებში გარკვეული თანხის სანაცვლოდ მფარველები ჰყავდათ და აქამდე პრობლემები არ ჰქონიათ. სქემა კი კარგად იყო აწყობილი. მარნეულში მოყვანილ ბოსტნეულს ამ ჯგუფის ნაწილი საქართველოში ამზადებდა და ტრანსპორტირებას ლარსის გავლით ვლადიკავკაზიდან ცხინვალში ახდენდა. ცხინვალში კი ჯგუფის მეორე ნაწილი ამ პროდუქციის რეალიზაციით იყო დაკავებული. საქართველოში მოყვანილი ბოსტნეული ხარჯიანი გზის გამო ცხინვალის ბაზარში ძვირდებოდა და გორის ბაზართან შედარებით იქ ოთხჯერ ძვირი ღირდა, თუმცა პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ ყოფილა. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, საქართველოს აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეები როგორც ჩანს დეფაქტო ძალოვან უწყებებში მფარველობის სანაცვლოდ ახალ გაზრდილ გადასახადზე ვერ შეთანხმდნენ და მათი გამოძევების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

საქართველოს შს სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. რადიო თავისუფლება ცდილობს, ცხინვალიდან გამოძევებული მოქალაქეების ვინაობის დადგენას და მათთან დაკავშირებას.

დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG