Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭოგნარელები ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებენ


ქუთაისთან ახლოს მდებარე სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა მათ სოფელთან ახლოს იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის აშენების წინააღმდეგია.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ადგილზე ნაგავსაყრელის პროექტის პრეზენტაცია უნდა წარედგინა, თუმცა, მოსახლეობის პროტესტის გამო პრეზენტაცია ჩაიშალა.

ადგილობრივების განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ ნაგავსაყრელის მშენებლობას, რადგან ის საფრთხეს უქმნის მიმდებარე სოფლებს.

„არ ვაპირებთ უკან დავიხიოთ და მათ მშენებლობის უფლება მივცეთ. არც დღეს და არც მომავალში მოლაპარაკებაზე არ წავალთ. ხელისუფლებას ჩვენი მოთხოვნა არ აინტერესებს. ნაგავსაყრელი მოაწყონ ისეთ ადგილზე, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. ეს ნაგავსაყრელი დააბინძურებს მიწისქვეშა წყლებს, ჰაერს და საფრთხე შუქმნის არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლეს, არამედ ბუნებას და ცხოველებს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

პროექტის შეჩერების მოთხოვნით მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს.

თუმცა, მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, სამუშაოები მარტიდან მაინც დაიწყება.

მყარი ნარჩენების კომპანიის ხელმძღვანელის, გიორგი შუხოშვილის განცხადებით, ნაგავსაყრელი ყველა სტანდარტის დაცვით აშენდება და ის არ იქნება საფრთხის შემცველი არც მოსახლეობისთვის და არც გარემოსთვის.

იმერეთში ახალი რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები განაღმვით სამუშაოებს თითქმის ორი წლის განმავლობაში ახორციელებდნენ. სოფელ ჭოგნარში ნაგავსაყრელისთვის 36 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოიყო.

XS
SM
MD
LG